რა არის მსუბუქი კოგნიტიური გაუარესება და შესაძლებელია თუ არა მისი მართვა?

რა არის მსუბუქი კოგნიტიური გაუარესება და შესაძლებელია თუ არა მისი მართვა?

მსუბუქი კოგნიტიური გაუარესება, შეფერხება ნევროლოგიური დარღვევაა.

მდგომარეობის გამო პაციენტი უჩივის მეხსიერების პრობლემებს, ირღვევა მეტყველების, ფიქრისა და განსჯის უნარი. რასაკვირველია, ოჯახის წევრები ადამიანს ქცევაში გარკვეულ ცვლილებებს ამჩნევენ და ხშირად თავად პაციენტიც აცნობიერებს, რომ მეხსიერება რამდენადმე დაუქვეითდა.

მაიოს კლინიკაში დანერგილია ერთგვარი პროგრამა, რომელიც ამ პათოლოგიის მქონე პაციენტებსა და პაციენტების ოჯახის წევრებსა თუ მეგობრებს გარკვეულ სტრატეგიას უსახავს თუ როგორ ადაპტირდნენ, მართონ და შეძლონ ცხოვრება მსუბუქი კოგნიტიური გაუარესების ფონზე.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, მსოფლიოში არსებული მდგომარეობის გამო აუცილებელია სოციალური დისტანცია და რეკომენდაციის თანახმად, ადამიანებიც დიდ დროს სახლში ატარებენ.

ამ გარემოში მსუბუქი კოგნიტიური შეფერხების მქონე პაციენტებისთვის და ასევე სხვა პირებისთვის სასარგებლო იქნება, თუ სახლს ერთგვარ მუზეუმად აქცევენ და ნიმუშებს დაათვალიერებენ. წლების განმავლობაში არაერთ ნივთს შეიძენდით, რომელსაც გარკვეული ისტორია უკავშირდება. გადაიკითხეთ წერილი, რომელიც შვილიშვილმა მოგწერათ, ხელახლა შეათვალიერეთ მშობლების მიერ ნაჩუქარი საგვარეულო ნივთი. რამდენჯერ შეგიხედავთ პორტრეტისთვის, რომელიც ბუხრის თავზე მოათავსეთ ან ბოლოს როდის დაათვალიერეთ ოჯახური ალბომი?

თითოეული ეს ნივთი, რომელიც სახლშია, საკუთარ ამბავს ინახავს და ხელახლა გააცოცხლეთ, გაიხსენეთ როდის და რა ვითარებაში შეიძინეთ თუ საჩუქრად მიიღეთ. ამ ისტორიის შესახებ მოუთხრეთ ოჯახის წევრებს, მეგობრებსა თუ ნათესავებს ვიდეო ზარით და მათაც სთხოვეთ იგივე გააკეთონ.

გაგიკვირდებათ, მაგრამ ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარის გაუმჯობესება სახლიდან გაუსვლელადაც შეიძლება და სრულიად მარტივი ხერხებით.

გონების გავარჯიშება შესაძლებელია თუნდაც ჭურჭლის რეცხვის დროს. როცა ჭურჭელს გარეცხავთ იფიქრეთ ჭურჭლის საწმენდი საშუალების სუნზე, წყლის ტემპერატურაზე, ამ დროს გარშემო არსებულ ხმაზე, თეფშის ფერსა და ტექსტურაზე. იგივე გაიმეორეთ ნებისმიერი საქმიანობის დროს.

ცდებით თუ ფიქრობთ, რომ რომანტიკული საღამო მხოლოდ ძვირად ღირებულ რესტორანს უკავშირდება. რას უწუნებთ თქვენს სასტუმრო ოთახს?

მოამზადეთ გემრიელი კერძი, სცადეთ სრულიად ახალი რეცეპტი, იცეკვეთ საყვარელ მელოდიაზე.

რასაკვირველია, სასურველია იცოდეთ რა ხდება ქვეყანასა და მსოფლიოში, რადგან პანდემიის გამო ხშირად იცვლება რეგულაცია, თუმცა სისტემატურად ტელევიზორის წინ ჯდომა და კორონავირუსზე ინფორმაციის მიღება ზოგიერთი ადამიანისთვის სტრესის განვითარების წყაროდ შეიძლება იქცეს. შეგიძლიათ ტელევიზორს უყუროთ დილით და შუადღეს, მაგრამ საღამოს ძილის წინ მოდუნდით და წაიკითხეთ წიგნი.

წყარო:

     https://connect.mayoclinic.org/page/living-with-mild-cognitive-impairment-mci/newsfeed-post/tips-to-cultivate-mindfulness-at-home/?utm_campaign=hub_email&utm_source=email&utm_medium=digest_summary_highlight_link