როგორი ტიპის ტანი გაქვთ?
ჯერ კიდევ 60 წლის წინ ფრანგი მეცნიერები ამტკიცებდნენ, რომ დიდი ზომის წელის მქონე პირები გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკ-ჯგუფს შეადგენდნენ. მათი აზრით, კარდიოვასკულარული პათოლოგიების რისკი გაცილებით დაბალი იყო იმ ადამიანებში, რომელთა წონაც გადანაწილებული იყო თეძოზე, მაგრამ წელის არეში ცხიმის შემცველობა ნორმაში ჰქონდათ.
რამდენიმე ათწლეულის შემდეგაც კი ეს თემა კვლავ აქტუალურია და მას დღეს აბდომინალური (მუცლის) სიმსუქნის სახელწოდება აქვს.
აბდომინალური სიმსუქნის (როდესაც ჭარბი ცხიმი გროვდება წელის არეში) გამო ადამიანის სხეულის ფორმა ვაშლს მოგაგონებთ - ამ ტიპის ფიგურა უფრო ხშირად აქვთ მამაკაცებს. როგორც წესი, ქალებს ცხიმი უგროვდებათ თეძოს გარშემო და ამ ტიპის ტანი მსხლის ფორმის ვიზუალს იძენს.
შეიძლება ადამიანი არ იყოს ჭარბწონიანი, მაგრამ წელის არეში ცხიმი ჰქონდეს, ანუ დიდი ზომის წელით გამოირჩეოდეს - ამ შემთხვევაშიც კი (მიუხედავად იმისა, რომ სხეულის მასის ინდექსით მსუქნად არ მოიაზრება) პირი ჯანმრთელობის რისკის წინაშეა.
გაითვალისწინეთ, ნებისმიერი ზედმეტი კილოგრამი მნიშვნელოვნად ზრდის როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემების რისკს და განსაკუთრებით სახიფათო მუცლის არეში დაგროვილი ცხიმია. წარმოიდგინეთ, რომ ცხიმის მასა გარს ეკვრის ღვიძლსა და სხვა ორგანოებს; ვისცერალური ცხიმი (შინაგან ორგანოებთან დაკავშირებული) მეტაბოლურად აქტიურია და ხელს უწყობს ისეთი პათოლოგიური პროცესების განვითარებას როგორიცაა: ცუდი ქოლესტეროლი, ტრიგლიცერიდები, მაღალი წნევა, შაქრის მაღალი დონე და სხვა.
წყარო:
https://www.hsph.harvard.edu/obesity-prevention-source/obesity-definition/abdominal-obesity/