ბარიატრიული ქირურგია განკუთვნილია იმ პაციენტებისათვის, რომელთა სხეულის მასის ინდექსი აღემატება 40-ს, ან უდრის 35-40-ს და თუ ამას თან ახლავს სიმსუქნით გამოწვეული გართულებები, რომელთა მიმდინარეობა შემსუბუქდება წონის დაკლების შემდეგ (როგორც მე-2 ტიპი შაქრიანი დიაბეტი ან არტერიული ჰიპერტენზია). თუ პაციენტნმა სცადა წონის დაკლების სხვა მეთოდები, მაგ. დიეტა და ფიზიკური ვარჯიში, მაგრამ წონა ვერ დაიკლო ან ვერ შეინარჩუნა დაკლებული წონა იგი ხდება აღნიშნული ოპერაციის კანდიდატი. პაციენტი თანახმა უნდა იყოს ოპერაციის შემდგომ ხანგრძლივად მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნასა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შენარჩუნებაზე.
ბარიატრიული ოპერაციები ეფუძნება 2 ძირითად პრინციპს: კუჭის მოცულობის შემცირება ან/და მალაბსორბცია, რაც ნიშნავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში საკვების შეწოვის შემცირებას. ოპერაციის მეთოდის არჩევა ხდება ექიმის მიერ გამოკვლევებისა და პაციენტზე დაკვირვების საფუძველზე.
რეპროდუქტიული ასაკის ქალებისთვის დაფეხმძიმება რეკომენდებული არაა ოპერაციიდან უახლოესი 24 თვის განმავლობაში.
ბარიატრიული ოპერაციები ტარდება ლაპარასკოპიული მეთოდით, რაც ნიშნავს მცირეინვაზიურ მეთოდს და შესაბამისად პაციენტს ოპერაციიდან მცირე დროში შეუძლია დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ განრიგს.
ბარიატრიული ქირურგია მოიცავს შემდეგ მეთოდებს:
- კუჭის ბანდაჟი;
- კუჭის რეზექცია;
- კუჭის შუნტირება;
- კუჭის ბალონირება;
კუჭის ბანდაჟი:
აღნიშნული მეთოდი მოიცავს სილიკონის რეგულირებადი რგოლის მოთავსებას კუჭის ზედა ნაწილზე. ბანდაჟის ზემოთ მდებარე კუჭის მცირე მოცულობის მქონე ნაწილში მდებარეობს დანაყრების რეცეპტორები. ამის გამო, ოპერაციის შემდეგ, საკვების მცირე ნაწილის მიღებისას პაციენტი გრძნობს დანაყრებას და წყვეთს ჭამას. ბანდაჟის შიგნითა მემბრანა მილის საშუალებით უკავშირდება კანქვეშ დამაგრებულ პორტს, რომლის საშუალებით ხდება მისი შევსება სტერილური მარილხსნარით და რგოლის დიამეტრის რეგულირება. რაც უფრო წვრილი იქნება დიამეტრი მით უფრო მცირე რაოდენობის საჭმლის მიღებისას იგრძნობს პაციენტი სისავსეს. ამ მეთოდის გამოყენებისას არ ირღვევა საკვები ნივთიერებების აბსორბცია. საავადმყოფოში პოსტოპერაციულად პაციენტის დაყოვნების დრო არ აღემატება 24 საათს. პაციენტი კარგავს ჭარბი წონის 40-50%-ს პირველ 18-24 თვეში. როგორც წესი, ოპერაციის წინა წონის დაბრუნების საშიშროება არ არსებობს თუ ბანდაჟი ინტაქტურია. სხვა ბარიატრიულ ოპერაციებთან შედარებით კუჭის ბანდაჟრებას აქვს პოსტოპერაციული გართულებების და სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი რისკი. აგრეთვე ყველაზე მცირეა რისკი ვიტამინების / მინერალების დეფიციტის განვითარების. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ წონის დაკლება მიმდინარეობს შედარებით ნელა, არსებობს ბანდაჟის მოცურების ან კუჭის ეროზირების მცირე რისკი. საკვების გადაჭარბებულად მიღების შემთხვევაში შეიძლება პაციენტს განუვითარდეს საყლაპავის გაფართოება. ბარიატრიულ ოპერაციებს შორის ამ მეთოდს ახასიათებს განმეორებითი ოპერაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.
კუჭის რეზექცია:
კუჭის რეზექციის მეთოდი ცნობილია „სლივ გასრექტომი“-ის მეთოდით. ოპერაციის დროს ხდება კუჭის მოცულობის შემცირება 20%-მდე კუჭის უდიდესი ნაწილის რეზექციის საშუალებით. კუჭის ამოღებულ ნაწილში ნორმაში ხდება შიმშილის ჰორმონის წარმოქმნა, ამიტომ რეზექციის შემდეგ პაცინტი არ განიცდის შიმშილის შეგრძნებას. წონის დაკლების და მე-2 ტიპი შაქრიანი დიაბეტის მიმდინარეობის გაუმჯობესების ან რემისიის ეფექტური მიღწევის მხრივ აღნიშნული მეთოდი არ ჩამორჩება კუჭის შუნტირებას ან ბანდაჟს. ამავე დროს კუჭის რეზექციის შემდგომ გართულებების განვითარების რისკი შედარებით დაბალია. ოპერაციის შედეგად კუჭის მოცულობა მცირდება, იცვლება მონელების სისტემის ჰორმონების სეკრეცია, სისავსის შეგრძნება ჩნდება საკვების მცირე ულუფების მიღებისას, შიმშილის გრძნობა კი მცირდება. საავადმყოფოში ოპერაციის შემდგომი დაყოვნების ხანგრძლივობა არ აღემატება 2 დღეს. ამ მეთოდის საშუალებით პაციენტი იკლებს ჭარბი წონის 60-70%-ს.
კუჭის შუნტირება:
ოპერაცია ტარდერბა რუ-Y მეთოდით. ამ დროს კუჭი იჭრება ორ არათანაბარ ნაწილად, მცირე მოცულობის მქონე ნაწილი არის საყლაპავის ანატომიური გაგრძელება და მას აკავშირებენ მლივი ნაწლავის შუა მიდამოსთან, რის შედეგად იქმნება საკვების გადაადგილების ახალი არაანატომიური გზა. პოსტოპერაციულად საკვები მონელების პროცესში არ გაივლის კუჭის უდიდეს ნაწილს, თორმეტგოჯა ნაწლავსა და მლივი ნაწლავის საწყის მიდამოს, რის შედეგად მნიშვნელოვნად მცირდება საკვები ნივთიერებების შეწოვა კუჭ-ნაწლავში. მონელებაში აქტიურად მონაწილე კუჭის ნაწილის მცირე მოცულობის გამო სისავსის შეგრძნება ჩნდება საკვების მცირე ულუფების მიღებისას. ოპერაციის შემდეგ პაციენტი იკლებს ჭარბი წონის 60-80%-ს. აღნიშნული მეთოდი ტექნიკურად უფრო რთულია შესასრულებლად ვიდრე კუჭის რეზექცია ან ბანდაჟი, რითაც აიხსნება პოსტოპერაციული გართულებების განვითარების უფრო მაღალი რისკი. ასევე მეტია ოპერაციის შემდგომ საავადმყოფოში დაყოვნების ხანგრძლივობა. მნიშვნელოვანი მალაბსორბციის გამო მაღალია რისკი B12, ფოლიუმის მჟავის, რკინის და კალციუმის ნაკლებობის განვითარების, ამის გამო აუცილებელია კვებითი რეკომენდაციების გათვალისწინება და საკვები დანამატების სახით მინერალების / ვიტამინების მიღება მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
კუჭის ბალონირება:
ენდოსკოპის საშუალებით კუჭის ბალონირების პროცედურის მიმდინარეობის დროს პირიდან საყლაპავის გავლით კუჭში თავსდება დაჩუტული ბალონი, რომელიც შემდგომ იბერება აირით და იწვევს სისავსის შეგრძნებას. სხვა ბარიატრიული ქირურგიის მეთოდებისგან განსხვავებით კუჭის ბალონირება არ საჭიროებს განაკვეთის გაკეთებას, რის გამოც აღნიშნული ჩარევა ტარდება მინიმალური ანესთეზიის ქვეშ. ბალონი არ უნდა იქნას დატოვებული კუჭში 6 თვეზე მეტ ხანს, ამიტომ აღნიშნული მეთოდი განიხილება როგორც სიმსუქნის დროებითი მკურნალობა. ის ეხმარება პაციენტს დაიწყოს სწორი კვება და ცხოვრების ჯანსაღი წესი. თუ ბალონის ამოღების შემდეგ პაციენტი ვერ მიყვება სპეციალურ დიეტას და ფიზიკური ვარჯიშის პროგრამას ის დაიბრუნებს დაკლებულ წონას. კუჭის ბალონირება ასევე გამოიყენება პაციენტებში რომლებსაც უნდა გაუკეთდეს ბარიატრიული ოპერაცია, მაგრამ საჭიროა ოპერაციული რისკების შემცირება ოპერაციამდე წონის დაკლების საშუალებით.