ბაკურიანი საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამთო-სათხილამურო კურორტია, რომელიც გაშენებულია თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ბაკურიანის წყლის ნაპირას. კურორტი ზღვის დონიდან 1700 მეტრზე, ბორჯომიდან 30 კმ-ის, ხოლო თბილისიდან 205 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ბაკურიანის მნიშვნელოვანი ნაწილი დაფარულია წიწვოვანი ტყის მასივით, ამიტომ კურორტი ითვლება არამარტო ზამთრის, არამედ ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელ კურორტადაც. ბაკურიანი იდეალური ადგილია არამხოლოდ რეკრეაციული თვალსაზრისით, არამედ კურორტი ნამდვილი აღმოჩენაა სპორტისა და ბუნების მოყვარულთათვის. კურორტს დამსვენებლები წელიწადის ნებისმიერ დროს სტუმრობენ, რათა ბორჯომის ხეობის ულამაზესი ხედებით დატკბნენ, იხეტიალონ წიწვოვან ტყეებში, ისრიალონ თხილამურებით, იჯირითონ, მიიღონ მონაწილეობა ლაშქრობებსა და ველოტურებში, დაუვიწყარი დრო გაატარონ ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად. ზამთრის სეზონი კურორტზე დაბალი ტემპერატურითა და მდგრადი თოვლის საფარით გამოირჩევა, ზაფხული კი გრილია. საშუალო წლიური ტემპერატურა - 4,3 გრადუსია, იანვრის თვის - 7,2, აგვისტოს თვის კი - 15 გრადუსი. თოვლის საფარის საშუალო სისქე - 64 სმ-ია.
კურორტის სამკურნალო თვისებები სხვადასხვა სეზონზე სხვადასხვაგვარია. ექიმები განსაკუთრებით ნაძვის ყვავილობის დროს ურჩევენ პაციენტებს ბაკურიანში დასვენებას. ბაკურიანში (ბეშუმი, გომის მთა, ბახმარო) მკურნალობის ჩვენებებია: სასუნთქი გზების არატუბერკულოზური დაავადებები, ლიმფადენიტები, ქრონიკული ბრონქიტი, პლევრიტი, მეორეული სისხლნაკლულობა, მალარია, რაქიტი, ბრონქული ასთმის მსუბუქი და საშუალო ფორმები, რეკოვალესცენტები.