რა არის ცერებრალური დამბლა?
ცერებრალური დამბლა მოძრაობის, კუნთის ტონუსისა თუ სხეულის პოზის დაავადებაა.
პათოლოგია ყალიბდება მოუმწიფებელი, განუვითარებელი ტვინის დაზიანებისას, რომელიც უმეტესად ვლინდება დაბადებამდე.
ცერებრალური დამბლისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჩნდება ჩვილთა ან სკოლამდელი ასაკის ბავშვებში; შესაძლოა შენიშნოთ უჩვეულო დგომის მანერა, უნებლიე მოძრაობები, გაუწონასწორებელი სიარული, პაციენტებს უჭირთ ყლაპვა, აქვთ თვალის კუნთის დისბალანსი და სხვა.
ცერებრალური დამბლისას ზოგიერთ ადამიანს შეუძლია სიარული, ხოლო ზოგიერთს დახმარება სჭირდება, ნაწილს ნორმალური ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვს, სხვებს არა.
დაავადება ქრონიკულია, სამწუხაროდ, ჯერჯერობით განკურნების გზა უცნობია, თუმცა გარკვეული მეთოდებით ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და სიმპტომების შემსუბუქება შესაძლებელია.
გამომწვევი მიზეზი
ცერებრალური დამბლა გამოწვეულია ტვინის პათოლოგიური განვითარებით ან განვითარებადი ტვინის ტრავმით, დაზიანებით. ჩვეულებრივ, ეს ხდება ბავშვის დაბადებამდე ან შეიძლება პათოლოგია ჩამოყალიბდეს უშუალოდ დაბადებისას, ან ადრეულ ჩვილობაში. კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობი რჩება.
თავის ტვინის განვითარების დარღვევასთან დაკავშირებული ფაქტორებია:
- გენის მუტაციები;
- დედის ინფექციები, რომელიც გავლენას ახდენს განვითარებად ნაყოფზე; ნაყოფის ინსულტი საშვილოსნოში;
- სისხლდენა ტვინში (საშვილოსნოში) ან ახალშობილში;
- ჩვილის ინფექცია, რომელიც იწვევს ანთებას ტვინში ან მის გარშემო მდებარე სტრუქტურებში;
- ახალშობილის თავის ტრავმული დაზიანება, მაგალითად, ავტოავარიის დროს, ბავშვის ძირს დავარდნის შედეგად ან ფიზიკური ძალადობის გამო;
- როდესაც მშობიარობისას ტვინს არასაკმარისი ჟანგბადი მიეწოდება (თუმცა ეს პროცესი იშვიათადაა მდგომარეობის გამომწვევი).
პრევენცია
უმეტეს შემთხვევაში ცერებრალური დამბლის პრევენცია შეუძლებელია, თუმცა გარკვეული მეთოდებით რისკის შემცირება ნამდვილად შესაძლებელია.
მაგალითად, თუ ხართ ორსულად ან აპირებთ დაორსულებას იხელმძღვანელეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, რაც ორსულობის გართულებებს მინიმუმამდე ამცირებს.
იშვიათად, ცერებრალური დამბლა ყალიბდება ბავშვობაში გადატანილი ტვინის დაზიანების გამო, შესაბამისად, მშობელმა უნდა მიიღოს უსაფრთხოების ზომები (ავტომობილის ბავშვის სავარძლით აღჭურვა, ველოსიპედის ჩაფხუტი, ერთგვარი ზღუდე ლოგინში პატარა გადაგორებისას რომ არ ჩავარდეს და სხვა).
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/cerebral-palsy/symptoms-
causes/syc-20353999