გიყვართ ლობიო?
ლობიო გამოირჩევა მაღალი კვებითი ღირებულებით.
ეს გემრიელი პროდუქტი ორგანიზმს ცილებით უზრუნველყოფს.
ლობიო მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით, მიკრო და მაკროელემენტებით.
ლობიო შედგება ამინომჟავებისგან - ამინომჟავა მონაწილეობს ახალი ქსოვილის წარმოქმნის პროცესში; იგი სასარგებლოა ძვლისთვის, კუნთისთვის, თმისთვის, კანისა და სისხლისთვის.
ლობიოს შემადგენლობაშია ანტიოქსიდანტები. ანტიოქსიდანტი სხეულს თავისუფალი რადიკალებისგან იცავს. თავისუფალი რადიკალები მავნებელია, რადგან აზიანებს უჯრედს, რაც სხვადასხვა დაავადების ჩამოყალიბების წინაპირობაა.
ლობიო შეიცავს არაერთ სასარგებლო მკვებავ ნივთიერებას და მათ შორის ფოლატს. ფოლატი აუცილებელია სისხლის წითელი უჯრედები ფორმირებისთვის, ჯანსაღი უჯრედის ზრდისა და ფუნქციონირებისთვის. ფოლატით მდიდარი საკვები დადებითად აისახება ადრეული ორსულობის ეტაპზე, ამცირებს ნაყოფის დეფექტების რისკს.
ლობიოში დიდი რაოდენობითაა თავმოყრილი საკვები ბოჭკო, ანუ უჯრედისი. იგი ერთგვარი ორგანიზმის გამწმენდია, სხეულიდან დევნის ტოქსინებს, აუმჯობესებს ნაწლავების მოტორულ ფუნქციას, გიცავთ შეკრულობისგან, ბუასილისგან.
ლობიო დაგეხმარებათ წონის კლების პროცესში, რადგან გაცილებით სწრაფად და ეფექტურად იწვევს კუჭის სისავსისა და დანაყრების შეგრძნებას, ადამიანს ხანგრძლივი დროით აღარ აწუხებს შიმშილის შეგრძნება, შესაბამისად, მნიშვნელოვნად მცირდება ძირითად კვებას შორის არაჯანსაღი პროდუქტებით წახემსების რისკი.
ლობიო სასარგებლოა ნაწლავისთვის, რადგან ხელს უწყობს ჯანსაღი ბაქტერიების გამრავლების პროცესს, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ბარიერის ფუნქციას.
რისკი
თუ ლობიოზე ალერგია გაქვთ, არ უნდა მიირთვათ და იხელმძღვანელოთ მკურნალი ალერგოლოგის რეკომენდაციით.
ლობიოს ყველაზე გავრცელებული დისკომფორტი აირების დაგროვება და კუჭ- ნაწლავის დისკომფორტია. თუ ერთხელ მაინც შეგინიშნავთ, რომ ამ კერძის მირთმევის შემდეგ უსიამოვნო შეგრძნება დაგრჩათ ან ტკივილმა შეგაწუხათ, სხვა დროს ლობიოს, ან მოერიდეთ, ან არ მიიღოთ მნიშვნელოვანი ღონისძიების წინ.
ლობიო არ არის რეკომენდებული გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მქონე პირებისთვის.