ძალიან გავრცელებულ აშლილობაზე მოგითხრობთ.
თუ სტატიაში წარმოდგენილი სიმპტომები გეცნობათ, სავარაუდოდ, ობსესიურ- კომპულსიური აშლილობა გაქვთ.
ეს არის მდგომარეობა, რომელიც მოიცავს არასასიამოვნო, უსაფუძვლო ფიქრებსა და შიშებს - შედეგად ვიღებთ განმეორებით ქცევას (კომპულსიას).
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა უფრო მეტია ვიდრე დისკომფორტი და სავსებით მოსალოდნელია ხელი შეგიშალოთ ყოველდღიურ საქმიანობაში, გამოიწვიოს სერიოზული დისტრესი, შფოთვა, გაღიზიანება.
ზოგიერთი პაციენტი იმასაც კი ადასტურებს, რომ არაერთხელ დაბრუნებულა შინ იმის გადასამოწმებლად ნამდვილად გამორთულია თუ არა ღუმელი.
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის დროს შესაძლოა გქონდეთ ჭუჭყის თუ სიბინძურის შიში, ნივთებს აწყობდეთ სიმეტრიულად, ეჭვი თითქოს კარი არ არის ჩაკეტილი, აკვიატებული ფიქრი ვაითუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე უხამსი სიტყვა ვთქვა ან შეუფერებლად მოვიქცეო და სხვა.
ამ ტიპის აშლილობის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა გარკვეულ როლს თამაშობს ბიოლოგია, გენეტიკა, გარემო, ოჯახური ანამნეზი, ცხოვრებაში გადატანილი სტრესული მოვლენა, ზოგიერთი მენტალური პრობლემა და სხვა ფაქტორები.
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის დროს მოწოდებულია როგორც ფსიქოთერაპია, ისე მედიკამენტური თერაპია. მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დაავადების სიმწვავეზე.
გაითვალისწინეთ, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა ქრონიკული მდგომარეობაა, ანუ თქვენი ცხოვრების ნაწილი ყოველთვის იქნება. აუცილებელია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ადეკვატური დიაგნოსტირება, მკურნალობა ანდოთ პროფესიონალ ექიმს, გაითვალისწინოთ მედიკოსის ყველა მითითება.
თუმცა ცხოვრების წესის ცვლილებაც შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს, დაგეხმაროთ დარღვევის უკეთ მართვაში.
გირჩევთ:
- ექიმთან ერთად შეიმუშავეთ სხვადასხვა ტექნიკა/მეთოდი, რომელიც სიმპტომების მართვაში დაგეხმარებათ;
- ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტი მაშინაც დალიეთ, როცა თავს კარგად გრძნობთ. თუ წამლის სმას თვითნებურად შეწყვეტთ ობსესიურ- კომპულსიური აშლილობის სიმპტომები ისევ დაბრუნდება;
- ყურადღება მიაქციეთ რისკ-ფაქტორებს, ჩაინიშნეთ თუ რა მოვლენის დროს გამოგივლინდათ ნიშნები და სხვა. ზოგიერთ ადამიანს ეხმარება თვითნებურად შემუშავებული მეთოდებიც; მაგალითად, ზოგჯერ მობილურით იღებს ფოტოს იმის დასადასტურებლად, რომ თმის უთო ნამდვილად გათიშა ან ფანჯარა დახურულია.
ზოგიერთი ადამიანი სახლიდან გასვლის შემდეგ ხმამაღლა ამბობს "კარი ჩავკეტე". როგორც უკვე მოგახსენეთ, მწვავე კლინიკურ შემთხვევებში აუცილებელია მიმართოთ ექიმს, თვითმკურნალობის გამო სავსებით შესაძლებელია მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/obsessive-compulsive-
disorder/diagnosis-treatment/drc-20354438