გულისრევის შეგრძნება ჭამის შემდეგ

გულისრევის შეგრძნება ჭამის შემდეგ

ცხოვრებაში მინიმუმ ერთხელ ეს შეგრძნება თითქმის ყველა ადამიანს განუცდია.

როგორც წესი, გულისრევის მიზეზია ზედმეტად ბევრი საკვების მიღება და განსაკუთრებით მაშინ, როცა ჭარბ ულუფას ერთ სადილობაზე იღებთ. თუმცა თუ რეგულარულად უჩივით დისკომფორტს კვების შემდეგ, რეკომენდებულია მიმართოთ ექიმს, რადგან გულისრევის შეგრძნება შესაძლოა ჯანმრთელობის მდგომარეობით იყოს გამოხატული.

ეს მდგომარეობა შესაძლოა იყოს მსუბუქი ან მწვავე, შესაბამისად, სასურველია ზუსტი დიაგნოსტირება და მართვა.

საჭმლის მომნელებელი სისტემა პროდუქტს ორგანიზმისთვის საჭირო საკვებ ნივთიერებებად და ენერგიად შლის. აღნიშნული სისტემის სხვადასხვა უბანი ფუნქციურად და აგებულებით ერთმანეთისგან განსხვავდება. საჭმლის მომნელებელი სისტემა მიღებულ საკვებს ინელებს - სასარგებლო ნივთიერებებს ითვისებს, ხოლო უვარგისს ორგანიზმიდან დევნის. საჭმლის მონელების პროცესში აღმოცენებული ნებისმიერი პრობლემა სიმპტომურად ვლინდება, ანუ ადამიანი გრძნობს გულისრევას საკვების მიღების შემდეგ.

როგორც უკვე მოგახსენეთ, შესაძლოა ეს დისკომფორტი დროებითი იყოს და ზედმეტი ან არაჯანსაღი რაციონით იყოს გამოწვეული, მაგრამ თუ გულისრევის შეგრძნებას ქრონიკული სახე აქვს, სავარაუდოდ, ორგანიზმი ჯანმრთელობის პრობლემაზე მიგანიშნებთ.

შესაძლოა ჭამის შემდეგ გულისრევის შეგრძნებას იწვევდეს:

  • ჰორმონული ცვლილებები. მოგეხსენებათ, ორსულობაში რიგი ჰორმონული ცვლილებები მიმდინარეობს. ორსულმა ამ ცვლილებების გამო შესაძლოა იგრძნოს გულისრევა და განსაკუთრებით დილით. ზოგიერთი ორსული გულისრევას უჩივის საკვების მიღებამდეც, სხვები უშუალოდ კვების შემდეგ. გულისრევის შეგრძნება ხშირია ორსულობის მეორე თვეში. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ორსულობისას გულისრევის შეგრძნება საშიში არაა და ჩვეულებრივ, მდგომარეობა მეოთხე თვეში უმჯობესდება;
  • ინფექცია. შესაძლოა გულისრევის მიზეზი იყოს საკვებით ინტოქსიკაცია ან ვირუსული ინფექცია;
  • საკვების მიმართ აუტანლობა ან ალერგია. ამ მდგომარეობის გამო ორგანიზმი ვერ ინელებს კონკრეტულ საკვებს;
  • კუჭ-ნაწლავის პრობლემები (გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება, გულძმარვა, ნაღვლის ბუშტის დაავადება, პანკრეატიტი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი);
  • შაკიკი;
  • გულის შეტევა;
  • ფსიქიატრიული ან ფსიქოლოგიური პრობლემები;
  • ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტი და სხვა.

აღნიშნული დაავადებების თუ მდგომარეობის დროს გულისრევასთან ერთად ასევე ვლინდება სხვა სიმპტომებიც, უშუალოდ პათოლოგიისთვის დამახასიათებელი.

როდის მივმართოთ ექიმს?

როგორც წესი, ჭამის შემდეგ გულისრევა არ არის გამოწვეული სერიოზული მდგომარეობით. თუმცა თუ ზრდასრული ბრძანდებით და ეს დისკომფორტი არ ალაგდა 5 დღის განმავლობაში და გულისრევასთან ერთად შენიშნეთ სხვა ჩივილიც, აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს. თუმცა ბავშვების შემთხვევაში, მდგომარეობის გაუმჯობესებას ნუ დაელოდებით და იმავე წამს დაუკავშირდით პედიატრს, როდესაც პატარა სიმპტომის შესახებ გეტყვით.

 

წყარო:

https://www.medicalnewstoday.com/articles/317628#_noHeaderPrefixedContent