რა არის სპინალური სტენოზი?
სპინალური სტენოზი არის ხერხემლის არხის შევიწროება, რომელიც იწვევს ზეწოლას ხერხემალში გამავალ ნერვებზე.
როგორც წესი, სპინალური სტენოზი ვითარდება ზურგის ქვედა ნაწილისა და კისრის არეში.
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში სპინალური სტენოზი უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ზოგჯერ პაციენტი უჩივის ისეთ დისკომფორტს როგორიცაა: ტკივილი, ჩხვლეტა, დაბუჟება, კუნთების სისუსტე. სიმპტომები დროთა განმავლობაში მწვავდება.
სპინალური სტენოზი ყველაზე ხშირად ყალიბდება ოსტეოართრიტთან დაკავშირებული ხერხემლის ასაკობრივი გაცვეთის გამო. მწვავე კლინიკურ შემთხვევებში ნეიროქირურგი საჭიროდ თვლის ქირურგიულ ჩარევას.
სიმპტომები
ბევრ ადამიანს აღენიშნება სპინალური სტენოზი მაგნიტურ-რეზონანსული ან კომპიუტერულ ტომოგრაფიული კვლევის დროს, თუმცა სიმპტომები არ აქვს.
სიმპტომები ვლინდება თანდათან და დროთა განმავლობაში უარესდება. სიმპტომატიკა დამოკიდებულია სტენოზის მდებარეობასა და იმაზე თუ რომელი ნერვია დაზიანებული.
კისერი
ვლინდება შემდეგი სიმპტომები:
- დაბუჟება ან ჩხვლეტა მტევნის, მხრის, ტერფის თუ ფეხის არეში;
- სისუსტე მტევნის, მხრის, ტერფის ან ფეხის არეში;
- პრობლემები სიარულის ან ბალანსის დაცვის დროს;
- კისრის ტკივილი;
- მწვავე შემთხვევაში კუჭ-ნაწლავის ან შარდის ბუშტის დისფუნქცია.
ზურგის ქვედა ნაწილი
ვლინდება შემდეგი სიმპტომები:
- ტერფის ან ფეხის დაბუჟება, ან ჩხვლეტა;
- სისუსტე ტერფის ან ფეხის არეში;
- სიარულის თუ ხანგრძლივი დროით დიდხანს ფეხზე დგომის დროს ტკივილი ან კრუნჩხვა, სპაზმი ერთ, ან ორივე ფეხში - როგორც წესი, დისკომფორტი ქრება დაჯდომის, ან წინ გადახრის დროს;
- ზურგის ტკივილი.
გამომწვევი მიზეზები
სპინალური სტენოზის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:
- ძვლის ჭარბი ზრდა;
- მალთაშუა დისკის თიაქარი;
- გასქელებული იოგები;
- სიმსივნე;
- ზურგის ტრავმა.
რისკ-ფაქტორი
როგორც ნეიროქირურგები განმარტავენ, სპინალური სტენოზის მქონე პაციენტთა დიდი ნაწილი 50 წელს გადაცილებულია.
მიუხედავად იმისა, რომ სპინალურ სტენოზს უმეტესად იწვევს დეგენერაციული ცვლილებები, სხვა რისკ-ფაქტორებიც გასათვალისწინებელია, მაგალითად, ტრავმა, სქოლიოზი, ასევე გენეტიკური დაავადება, რომელიც ზემოქმედებს ძვალზე, ორგანიზმში კუნთის ზრდა-განვითარება და სხვა.
გართულებული შემთხვევა
იშვიათად, მაგრამ არანამკურნალებელ გართულებულ კლინიკურ შემთხვევებში სპინალური სტენოზი შესაძლოა პროგრესირდეს და გამოიწვიოს ისეთი ქრონიკული სიმპტომები როგორიცაა:
- სისუსტე;
- დაბუჟება, მგრძნობელობის დაკარგვა;
- ბალანსის დაცვის პრობლემა;
- პაციენტს უჭირს შარდის თუ განავლის შეკავება;
- დამბლა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/spinal-stenosis/symptoms-causes/syc-20352961