რა არის პოსტნაზალური წვეთი?
ეს არის მდგომარეობა, როდესაც ყელის უკანა კედელში ჭარბი რაოდენობით ლორწო გროვდება და მისი ჩადინება/ჩამოწვეთება ხდება. აღნიშნული დიაგნოზის დროს პაციენტს ყელის უკანა არეში ღიტინის შეგრძნება აქვს.
ცხვირისა და ყელის ჯირკვლები მუდმივად გამოიმუშავებენ ლორწოს და ეს ბუნებრივი პროცესია, თუმცა პრობლემაა ჭარბი რაოდენობა.
ლორწოს ბევრი დადებითი თვისება აქვს, კერძოდ:
- ცხვირის ამომფენს ასუფთავებს და ატენიანებს;
- ატენიანებს ჰაერს, რომელსაც სუნთქავთ;
- ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში ეხმარება.
ნორმალურ მდგომარეობაში, ფიზიოლოგიურად, ყველა ჩვენგანი ვყლაპავთ ლორწოს (ნერწყვთან ერთად) და ამას ვერც კი ვაცნობიერებთ, თუმცა პოსტნაზალური წვეთის შემთხვევაში ეს პროცესი საგრძნობლად შესამჩნევი ხდება, სერიოზულ დისკომფორტს იწვევს.
დამახასიათებელი ნიშნებია:
- შეგრძნება, რომ ყელში ლორწოს დრენირება ხდება;
- ხშირი ყლაპვა;
- ხრინწიანი ხმა;
- უსიამოვნო სუნი პირის ღრუში;
- ხველება ძლიერდება და შემაწუხებელი ხდება ღამით;
- გულისრევა და ღებინება;
- ყელის ტკივილი;
- ნუშურა ჯირკვლებისა და ყელის სხვა ქსოვილების შეშუპება.
პოსტნაზალური წვეთის გამომწვევი მიზეზებია:
- ალერგია;
- გრიპი და გაციება;
- ბაქტერიული ინფექცია;
- სინუსიტი;
- ჰაერის დაბალი ტემპერატურა, ამინდის ცვლილება და ოთახში გამომშრალი ჰაერი;
- კაშკაშა სინათლე;
- სანელებლიანი, ცხარე კერძი;
- ორსულობა;
- ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტი;
- ასაკი;
- ქრონიკული მჟავა რეფლუქსი.
უშუალოდ პოსტნაზალური წვეთი არ არის გადამდები, თუმცა ამ სიმპტომის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა გადამდები იყოს.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/23082-postnasal-drip