ტკივილი წარბის არეში

ტკივილი წარბის არეში

რა იწვევს ტკივილს წარბის არეში?

წარბის არეში ტკივილი შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული, მაგალითად, თავის ტკივილით, ინფექციით ან მდგომარეობით, რომელიც სახის არეში მდებარე ნერვზე ახდენს გავლენას.

წარმოგიდგენთ რამდენიმე მიზეზს, რომელმაც შესაძლოა წარბის არეში ტკივილი გამოიწვიოს - განვიხილოთ დეტალურად.

სამწვერა ნევრალგია

სამწვერა ნევრალგიის დროს ვლინდება მწვავე, ინტენსიური ტკივილი სახის არეში.

სამწვერა ნევრალგია წარმოადგენს ქრონიკულ და მტკივნეულ მდგომარეობას, რომელიც სამწვერა ნერვს აზიანებს. სამწვერა ნევრალგიის დროს სახის არეში მსუბუქმა გაღიზიანებამაც კი შეიძლება მწვავე ტკივილი გამოიწვიოს.

მართალია საწყის ეტაპზე მსუბუქი და ხანმოკლე შეტევით ვლინდება, მაგრამ პათოლოგია პროგრესირებს და დროთა განმავლობაში ხანგრძლივი, მწვავე ხასიათის ტკივილის ეპიზოდებით ხასიათდება.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, სამწვერა ნევრალგია გავლენას ახდენს სახის ერთ მხარეზე, მაგრამ იშვიათ კლინიკურ შემთხვევაში ორივე ნაწილზე. ზოგიერთი ადამიანი უჩივის ერთგვარ ელექტროშოკის მსგავს ტკივილს ან წვას სახის არეში.

გლაუკომა

გლაუკომა თვალის დაავადებაა, რომელიც იწვევს მხედველობის ნერვის დაზიანებას - პათოლოგია უსინათლობის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია.

გლაუკომას იწვევს თვალის შიგნით პათოლოგიურად მაღალი წნევა. დაავადების გამო პაციენტი უჩივის მწვავე ტკივილს წარბისა და თვალის გარშემო.

შაკიკი

შაკიკი წარმოადგენს ქრონიკულად მორეციდივე ნევროლოგიურ დაავადებას, რომელიც ვლინდება პულსირებადი, ფეთქვადი, მწვავე ხასიათის ტკივილით თავის ერთ ან ორივე მხარეს.

ხშირად, თავის ტკივილს თან ახლავს გულისრევა, ღებინება, ხმისა და სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

პაციენტები აცხადებენ, რომ შაკიკის შეტევისას უჩივიან ტკივილს წარბის, თვალისა და საფეთქლის გარშემო.

კლასტერული თავის ტკივილი

სავსებით შესაძლებელია წარბის არეში ტკივილის გამომწვევი მიზეზი იყოს კლასტერული (ჯგუფური) თავის ტკივილი.

ეს არის მდგომარეობა, რომელიც ვლინდება მწვავე თავის ტკივილით.

ამ ტიპის თავის ტკივილს ახასიათებს განმეორებითობა, კერძოდ, დღეში შესაძლოა 8-ჯერ დაფიქსირდეს და თითოეული შეტევა 15 წუთიდან 3 საათამდე გრძელდება.

აღსანიშნავია, რომ კლასტერული თავის ტკივილის დროს, ინტენსიური ტკივილის გამო, პაციენტს შესაძლოა ღამითაც კი გაეღვიძოს. მდგომარეობას აქვს რემისია, როცა ტკივილი უკვალოდ ქრება და რამდენიმე თვის ან ზოგჯერ წლის განმავლობაში არ ვლინდება.

კლასტერული თავის ტკივილის დროს პაციენტები უჩივიან მწველ, მწვავე ტკივილს წარბის გარშემო, თვალის ან საფეთქლის არეში.

დაძაბულობის თავის ტკივილი

ამერიკის შაკიკის ფონდის მონაცემის მიხედვით, დაძაბულობის თავის ტკივილი თავის ტკივილის ყველაზე გავრცელებული ფორმაა.

ამ ტიპის თავის ტკივილის დროს პაციენტი უჩივის ტკივილს, რომელიც ვრცელდება თვალის, წარბისა და საფეთქლის არეში.

დაძაბულობის თავის ტკივილს ახასიათებს ისეთი სიმპტომები როგორიცაა: ტკივილი თავის ორივე მხარეს, მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ტკივილი, მოჭერის, ზეწოლისა თუ დაჭიმვის მსგავსი თავის ტკივილი.

სირსველი

წარბის არეში ტკივილს შესაძლოა სირსველის გამო გრძნობდეთ.

სირსველი არის ვირუსული ინფექცია, რომელიც გავლენას ახდენს ნერვზე.

სინუსიტი

სინუსიტი ცხვირის ღრუების ანთებაა და შეიძლება იყოს როგორც მწვავე, ისე ქრონიკული.

სინუსიტის დროს პაციენტი უჩივის ტკივილს წარბის, ცხვირის, საფეთქლისა და ლოყების არეში.

ტემპორალური არტერიტი

გიგანტურუჯრედოვანი არტერიტი ან ტემპორალური არტერიტი არის არტერიების ამომფენი გარსის ანთება.

დაავადება ყველაზე ხშირად აზიანებს სისხლძარღვებს თავის არეში, განსაკუთრებით საფეთქელში.

სისხლძარღვის ანთება იწვევს ტკივილს სახის არეში და ხშირად ვლინდება ისეთი სიმპტომებით როგორიცაა: ყბის ტკივილი, მხედველობის დროებითი დაკარგვა ან გაორებული მხედველობა, ტემპერატურა, მგრძნობელობა სკალპზე, ძლიერი თავის ტკივილი და სხვა.

 

წყარო:

https://www.medicalnewstoday.com/articles/326101#migraine