ეს მდგომარეობა ბევრი ადამიანისთვის ნაცნობია.
როცა იღვიძებთ და გულისცემა ჩვეულთან შედარებით აჩქარებულია, რასაკვირველია, უსიამოვნო შეგრძნება დაგეუფლებათ, თუმცა უმეტეს შემთხვევაში აღნიშნული მდგომარეობა ცხოვრებისეული ფაქტორებითაა გამოწვეული და იშვიათად, რომ სერიოზულ დაავადებაზე მიგვანიშნებდეს.
გაღვიძებისას გულისცემის აჩქარება შესაძლოა გამოწვეული იყოს კვების რაციონით, სტრესით, ძილთან დაკავშირებული პრობლემებით, არითმიით, შფოთვით და სხვა.
მედიკამენტი
სავსებით შესაძლებელია აჩქარებული გულისცემა რომელიმე მედიკამენტის გვერდითი ეფექტი იყოს.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, დილით აჩქარებული გულისცემით გაღვიძების რისკია იმ პირებში, ვისაც აქვთ დიაბეტი, ანემია ან უჩივიან ძილთან დაკავშირებულ პრობლემებს.
სტრესი
მოგეხსენებათ, შფოთვა და სტრესი მავნებელია როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის - რაც უფრო მეტად იზრდება შფოთვისა თუ სტრესის დონე, სისხლში მეტი რაოდენობით გამომუშავდება ის ჰორმონები, რომელიც ხელს უწყობს პულსის სიხშირის, გულის შეკუმშვის სიხშირის ზრდას.
კვების რაციონი
კვების რაციონი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ძილის ხარისხზე; ზოგიერთი საკვები ზრდის გაღვიძებისას აჩქარებული გულისცემის განვითარების რისკს და ეს რისკი განსაკუთრებით მაღალია მაშინ თუ საკვებს ღამით მიირთმევთ.
რეკომენდებულია, რომ დაძინებამდე არ მიიღოთ შაქრის შემცველი საკვები, რადგან სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა ორგანიზმში სტრესის ჰორმონების გამომუშავებას უწყობს ხელს.
კოფეინი
გულისცემის აჩქარებას იწვევს კოფეინიც.
დეჰიდრატაცია, ანუ გაუწყლოება
არარეგულარული გულისცემის გამომწვევ მიზეზებს შორის აუცილებლად უნდა ვახსენოთ დეჰიდრატაციაც.
დეჰიდრატაცია, იგივე გაუწყლოება, ვითარდება მაშინ, როცა ადამიანი მოიხმარს ან ხარჯავს დიდი რაოდენობით სითხეს. როცა სხეულში საკმარისი წყალი და სხვა ტიპის სითხე არაა, ორგანიზმი სათანადოდ ვეღარ ფუნქციონირებს - თუ დაკარგულ სითხეს არ შეივსებთ, დეჰიდრატაცია განვითარდება, რომელიც განსაკუთრებით სახიფათოა ხანდაზმულებსა და ბავშვებში.
დეჰიდრატაციის დროს, საწყის ეტაპზე ვლინდება წყურვილის გრძნობა, პირის სიმშრალე, შარდის მცირე რაოდენობა, მაგრამ გამწვავებულ კლინიკურ შემთხვევებში გაუწყლოება მიმდინარეობს შემდეგი ნიშნებით: გულის შეკუმშვის სიხშირის აჩქარება, სწრაფი სუნთქვა, დაბალი არტერიული წნევა.
ალკოჰოლი
გაითვალისწინეთ, რომ თუ ღამით დიდი რაოდენობით ალკოჰოლს მიიღებთ, დილით აუცილებლად გაიღვიძებთ აჩქარებული გულისცემით.
სიზმარი
ზოგიერთ შემთხვევაში გაღვიძებისას არარეგულარული გულისცემის მიზეზი ღამის კოშმარი, უსიამოვნო სიზმარია.
გახსოვდეთ, რომ როგორც წესი, დილით ჩვეულზე მაღალია პულსი თუ ღამით საკმარისად არ გეძინათ - ძილის დეფიციტი მთელ ორგანიზმზე უარყოფითად აისახება.
მენსტრუაცია
ზოგიერთ ქალბატონს შესაძლოა შეუნიშნავს, რომ პულსი ჩვეულზე სწრაფია მენსტრუალური ციკლის დროს, დიახ, გარკვეულ როლს თამაშობს მენსტრუაცია.
როდის მივმართოთ ექიმს?
გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ აჩქარებულ გულისცემას თან ახლავს ისეთი სახიფათო სიმპტომები როგორიცაა ტკივილი გულმკერდის არეში და თავბრუსხვევა - შესაძლოა გულის შეტევა გქონდეთ!
მედიკოსები განმარტავენ, რომ სახიფათო არაა გულის აჩქარება, რომელიც გაღვიძებისას მხოლოდ რამდენიმე წამით და იშვიათად ვლინდება, მაგრამ თუ ეს შეგრძნება ხშირად გაწუხებთ აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
აჩქარებული გულისცემა, რომელიც მუდმივ ხასიათს იძენს, სავსებით შესაძლებელია ფარულად მიმდინარე დაავადებაზე მიგვანიშნებდეს.
აგრეთვე განსაკუთრებული ყურადღება მართებთ გულის დაავადებების მქონე პაციენტებს და თუ მათ გული აუჩქარდებათ, სასწრაფოდ უნდა მიმართონ ექიმს!
წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/326354