რა არის ეპილეფსია და როგორ ამოვიცნოთ სიმპტომები?

რა არის ეპილეფსია და როგორ ამოვიცნოთ სიმპტომები?

ეპილეფსია ცენტრალური ნერვული სისტემის (ნევროლოგიური) დარღვევაა.

დაავადების დროს ტვინის აქტივობა პათოლოგიურად მიმდინარეობს და შედეგად ვითარდება შეტევები ან უჩვეულო ქცევის, შეგრძნების და ზოგჯერ ცნობიერების კარგვის ეპიზოდები.

ეპილეფსიით დაავადებული ბევრი პაციენტის მდგომარეობა ეფექტურად მართვადია მედიკამენტური მკურნალობით ან ქირურგიული ჩარევით; ზოგიერთი დაავადებული ბავშვის მდგომარეობა უმჯობესდება ასაკის მატებასთან ერთად.

ეპილეფსიის დიაგნოზი

აღსანიშნავია, რომ ერთჯერადი ეპილეფსიური გულყრა არ ნიშნავს ეპილეფსიას, რადგან ეს სიმპტომი სავსებით შესაძლებელია ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ ასაკში განუვითარდეს სხვადასხვა მიზეზით (ვირუსული ინფექციის დროს მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში, შიმშილის ან უძილობის გამო, ინტოქსიკაციის ფონზე და სხვა).

შესაბამისად, ეპილეფსიის ზუსტი დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია შესაბამისი კვლევებისა და კონსულტაციის საფუძველზე გამოვლინდეს დაავადებისთვის ჩვეული სპეციფიკური მახასიათებლები.

სიმპტომები

შეტევის დროს შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები:

  • დროებითი დაბნეულობა;
  • დროის მოკლე მონაკვეთში დაჟინებული მზერა;
  • ზედა და ქვედა კიდურების უკონტროლო მოძრაობები;
  • გონების ან ცნობიერების დაკარგვა;
  • ფსიქიკური სიმპტომები (შიში, შფოთვა, დეჟა-ვუ).

სიმპტომი დამოკიდებულია შეტევის ტიპზე - უმეტესად სიმპტომები მსგავსია შეტევის ეპიზოდიდან ეპიზოდამდე.

ექიმები შეტევას ორ ნაწილად ყოფენ: ფოკალურად და გენერალიზებულად.

ფოკალური შეტევა

ფოკალურ შეტევას გონების, ცნობიერების კარგვის გარეშე ასევე უწოდებენ მარტივ, ნაწილობრივ შეტევას, რომელიც ცვლის ემოციებს ან აღქმის უნარს (მაგალითად, საგნის ვიზუალის, გემოს, სუნის, ხმისა და სხვა). შეიძლება გამოვლინდეს ხელების ან ფეხების კანკალით. ამასთან, პაციენტი შეიძლება უჩიოდეს სპონტანურ სენსორულ სიმპტომებს, მაგალითად, ყურებში ხმაურს, თავბრუსხვევას, მანათობელ შუქებს თვალებში.

ფოკალურ შეტევას, რომლის დროსაც პაციენტი ცნობიერებას კარგავს ან იცვლის, კომპლექსური, ნაწილობრივი შეტევა ეწოდება. ამ დროს პაციენტი სივრცეში იყურება და არ რეაგირებს, არ აქვს რეაქცია; შეიძლება ხელებს ერთმანეთს ახახუნებდეს, ღეჭავდეს, ყლაპავდეს, წრეზე დადიოდეს.

ფოკალური შეტევა სავსებით შესაძლებელია სხვა ნევროლოგიურ დარღვევაში, მაგალითად, შაკიკში, ნარკოლეპსიაში ან მენტალურ დაავადებაში აგერიოთ. სწორედ ამიტომ აუცილებელია დროული დიაგნოსტირება!

გენერალიზებული შეტევები

გენერალიზებული შეტევის 6 ტიპი არსებობს:

  • აბსენსი. უმეტესად ბავშვებშია გავრცელებული. პაციენტი სივრცეში იყურება ან აკეთებს სხეულის განმეორებით მოძრაობებს (თვალების ხამხამი, ტუჩების ლოკვა და სხვა). შეტევამ შეიძლება გამოიწვიოს ცნობიერების დროებითი დაკარგვა;
  • ტონური შეტევა. იწვევს კუნთების დაჭიმვას და შეტევა უმეტესად გავლენას ახდენს ზურგის, მკლავებისა და ფეხების კუნთებზე - სწორედ ამიტომ არ არის გამორიცხული პაციენტი მიწაზე წაიქცეს;
  • ატონური შეტევა. ამ დროს პაციენტი კარგავს კუნთის კონტროლს და ძირს ეცემა;
  • კლონური შეტევა. ამ ტიპის შეტევა ასოცირებულია კუნთის განმეორებად, რიტმულ მოძრაობებთან. შეტევა გავლენას ახდენს კისერზე, სახესა და მკლავებზე;
  • მიოკლონური შეტევა. გამოიხატება მკლავებისა და ფეხების უცაბედი, ხანმოკლე კრუნჩხვებით;
  • ტონურ-კლონური შეტევა. ეპილეფსიის ყველაზე მძიმე ფორმაა, რომელიც იწვევს გონების უცაბედ კარგვას, სხეულის გაშეშებასა და კანკალს. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში პაციენტი ვერ იკავებს შარდს ან ენას იკვნეტს.

როდის მივმართოთ ექიმს?

სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს თუ შენიშნეთ შემდეგი:

  • შეტევა გრძელდება 5 წუთზე მეტია;
  • შეტევის შეწყვეტის შემდეგ არ ბრუნდება ცნობიერება ან სუნთქვის უნარი;
  • პირველ შეტევას მეორე მაშინვე სდევს;
  • გაქვთ მაღალი სიცხე;
  • სიცხისგან დაუძლურებული, გამოფიტული ხართ;
  • ორსულად ხართ;
  • პაციენტი დიაბეტითაა დაავადებული;
  • შეტევის დროს საკუთარ თავს ზიანი მიაყენეთ.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ შეტევა ცხოვრებაში პირველად დაგემართათ.

გამომწვევი მიზეზები   

ეპილეფსიის მქონე პაციენტთა ნახევარში ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, მაგრამ სხვა შემთხვევაში მეცნიერთა აზრით, პათოლოგიის ჩამოყალიბებაში გარკვეულ როლს თამაშობს: გენეტიკური განწყობა, თავის ტრავმა, ტვინის მდგომარეობა, ინფექციური დაავადებები, ტრავმა ან დაზიანება მუცლადყოფნის პერიოდში, განვითარების დაავადებები.

აგრეთვე, რისკ-ფაქტორებს განეკუთვნება შემდეგი:

  • ასაკი (მართალია ეპილეფსია ნებისმიერ ასაკში ვლინდება, მაგრამ უმეტესად შეტევა ხშირია ბავშვებსა და ხანდაზმულებში);
  • დაზიანება თავის არეში;
  • ინსულტი და სხვა ვასკულარული დაავადებები;
  • დემენცია;
  • ტვინის ინფექცია და სხვა.  

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/epilepsy/symptoms-causes/syc-20350093