თუ ბავშვი გვიან იწყებს მეტყველებას

თუ ბავშვი გვიან იწყებს მეტყველებას

რა არის დისლექსია?

დისლექსია სწავლის უნარის დარღვევაა, რომლის დროსაც ადამიანს უჭირს კითხვა, რადგან სათანადოდ ვერ აღიქვამს წარმოთქმულ ბგერებს და ვერ აკავშირებს მას ასოებთან თუ სიტყვებთან. ამ მდგომარეობას ხშირად უწოდებენ კითხვის უუნარობას.

დისლექსია გავლენას ახდენს ტვინის იმ უბანზე, რომელიც მეტყველებაზე ზრუნავს.

აღსანიშნავია, რომ დისლექსიის მქონე ადამიანებს ნორმალური მხედველობა და ინტელექტი აქვთ. ამ დარღვევის მქონე ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გარშემომყოფთა თანადგომა - ემოციური მხარდაჭერა ზოგჯერ გადამწყვეტ როლსაც კი თამაშობს.

დისლექსიის მკურნალობის სპეციფიკური მეთოდი არ არსებობს, მაგრამ ადრეული დიაგნოსტირება და ადეკვატური მართვა საუკეთესო შედეგს იძლევა.

ზოგჯერ დისლექსია წლების განმავლობაში შეუმჩნევლად მიმდინარეობს და გარკვეული სიმპტომებით მხოლოდ ზრდასრულ ასაკში ვლინდება.

გახსოვდეთ, სპეციალისტის კონსულტაცია არასდროსაა გვიან!

სკოლის ასაკამდე აღნიშნული დარღვევისთვის დამახასიათებელი ნიშნების ამოცნობა რთულია და როგორც წესი, პირველი, ვინც მშობელს ინფორმაციას აწვდის, მასწავლებელია; დარღვევა თვალსაჩინო ხდება მაშინ, როდესაც ბავშვი კითხვას სწავლობს.

დისლექსია და სიმპტომები

სკოლამდელი ასაკის პატარები დისლექსიის რისკის წინაშე არიან თუ სახეზეა შემდეგი:

  • მეტყველებას გვიან იწყებს;
  • ახალ სიტყვებს ნელა სწავლობს;
  • უჭირს სიტყვების სწორად ფორმირება;
  • უჭირს ასოების, რიცხვებისა თუ ფერების დამახსოვრება;
  • ბავშვისთვის რთულია საბავშვო რითმული სიმღერებისა და თამაშების ათვისება.

სკოლის ასაკი

როცა ბავშვი სკოლაში სწავლას იწყებს, დისლექსიის ნიშნები და სიმპტომები თვალსაჩინო ხდება, მაგალითად:

  • ასაკთან შეუსაბამოდ დაქვეითებული კითხვის უნარი;
  • მოსწავლეს უჭირს იმ ინფორმაციის გაგება და გადამუშავება, რასაც სწავლობს;
  • შეკითხვის შესაბამისი სიტყვების მოძებნა უჭირს ან პასუხს ვერ აყალიბებს;
  • მოვლენათა თანმიმდევრობის დამახსოვრების პრობლემები;
  • მისთვის რთულია ასოებსა და სიტყვებს შორის მსგავსებისა და განსხვავების გარჩევა;
  • უჭირს უცნობი სიტყვების სწორად გამოთქმა;
  • მართლწერის პრობლემები;
  • მაქსიმალურად ცდილობს თავი აარიდოს ისეთ აქტივობებში ჩართვას, რომელიც კითხვას მოიცავს;
  • უჩვეულოდ დიდი დრო სჭირდება ისეთი დავალებების შესრულებისთვის, რაც კითხვასა და წერას მოიცავს.

დისლექსია თინეიჯერებსა და ზრდასრულ ასაკში

ამ ასაკში ხშირია შემდეგი:

  • კითხვის პრობლემა და მათ შორის ხმამაღლა;
  • მართლწერასთან დაკავშირებული პრობლემები;
  • თავის არიდება ისეთი აქტივობებისგან, რომელიც კითხვას მოიცავს;
  • სიტყვების ან სახელების არასწორად გამოთქმა;
  • გადატანილი მნიშვნელობით ნათქვამი წინადადებებისა თუ ცალკეული სიტყვების ადეკვატურად აღქმის უნარი დაქვეითებულია;
  • დიდ დროს უთმობს ისეთი დავალებების შესრულებას, რომელიც კითხვას ან წერას ეხება;
  • ამბის შეჯამების უნარის დაქვეითება;
  • უცხო ენის შესწავლის დაქვეითებული უნარი;
  • უჭირს დამახსოვრება;
  • მათემატიკური ამოცანების ამოხსნის პრობლემა.

დროულად მიმართეთ ექიმს თუ შეამჩნიეთ, რომ ბავშვის კითხვის უნარი შეუსაბამოდ დაბალია მის ასაკთან მიმართებაში ან ამ დარღვევისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები გამოვლინდა.

გახსოვდეთ, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის გარეშე კითხვასთან დაკავშირებული პრობლემები ბავშვობაში თავისით არ ქრება და მოზრდილ ასაკში პროგრესირებს.

მედიკოსთა აზრით, დისლექსიის განვითარების რისკი იზრდება, როცა სახეზეა ოჯახური ანამნეზი, ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის მცირე წონა, ორსულობისას თამბაქოს, ალკოჰოლის, ნარკოტიკის მოხმარება ან ინფექციის გადატანა, რომელიც ნაყოფის ტვინის ჩამოყალიბებაზე აისახება.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/dyslexia/symptoms-causes/syc-20353552