ბევრი ადამიანი სიცილის დროს პირზე ხელს იმდენად ინსტიქტურად იფარებს, რომ ვერც კი აცნობიერებს.
და მაინც რა იწვევს ამ უნებლიე თუ კარგად გააზრებულ ან თუნდაც ჩვევაში გადასულ ქცევას? განვიხილოთ დეტალურად.
შეიძლება მიზეზი კულტურული საფუძველი იყოს, მაგალითად, აზიურ სამყაროში და განსაკუთრებით იაპონიაში საუკუნეების მანძილზე ეს ჟესტი ტრადიციად ითვლებოდა. თუმცა ეს მხოლოდ აზიური ფენომენი როდია, მაგალითად, შუა საუკუნეების ევროპაში კბილების გამოჩენა და განსაკუთრებით ქალებისთვის უტაქტობად ითვლებოდა. დიდგვაროვნები ცდილობდნენ სიცილის დროს პირის არე დაემალათ და ამით გამოეხატათ სოციალური ეტიკეტის მიმართ პატივისცემა.
დღესაც კი ეს საკითხი აზრთა სხვადასხვაობას იწვევს - თუ ერთ კულტურაში კისკისი მეგობრობისა და სითბოს გამომხატველია, მეორე საზოგადოებაში უტაქტობად და ვულგარულობად ითვლება. პიროვნება როგორი თავისუფალი ბუნებისაც არ უნდა იყოს ფაქტია, რომ კულტურული ნორმები მაინც განსაზღვრავს ქცევას, მანერას.
გენდერული ფაქტორიც გასათვალისწინებელია, მაგალითად, ბევრ კულტურაში მამაკაცებთან შედარებით ქალები უფრო ხშირად მალავენ ღიმილს, ხელით.
საყურადღებოა ფსიქოლოგიური განწყობაც, მაგალითად, მსგავსი ქცევა ხშირად ვლინდება სოციალური შფოთვისა და უხერხულობის განცდის დროს. მაგალითად, სიცილის დროს პირზე ხელის აფარებით პიროვნება ერთგვარ პაწაწინა თავშესაფარს ქმნის და თავს იცავს პოტენციური განსჯისგან, თანამოსაუბრის მხრიდან გამომცდელი მზერისგან.
ზოგჯერ იგი მხოლოდ ჩვევაა, მაგალითად, ბავშვობაში დაინახეთ ზრდასრულები სიცილის დროს როგორ მალავდნენ პირს და მიმიკა დაგამახსოვრდათ.
ზოგჯერ ადამიანი ამ გზით ცდილობს დენტალური პრობლემა დამალოს - ზოგიერთ პიროვნებას არ მოსწონს თუ როგორია მისი კბილების წინა ხაზი, რომ მინანქარი არ არის საკმარისად თეთრი ან გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებს კარიესის მოწესრიგებას და სხვა.
როგორც სტატიიდანაც მიხვდებოდით, ამ ჟესტს ერთი კონკრეტული მიზეზი არ აქვს - თუმცა მთავარია ერთი რამ, რომ იცინით და ბედნიერი ხართ და დიახ, სულაც არ აქვს მნიშვნელობა ამ დროს თქვენი ხარხარი ნახევარ უბანს ესმის თუ პირს ხელით მოკრძალებით მალავთ. სიცილი და პოზიტიური განწყობა საუკეთესო წამალია ორგანიზმისთვის.
წყარო:
https://neurolaunch.com/covering-mouth-when-laughing-psychology/
