რატომ ჩნდება სითხე მუხლში და როგორ მკურნალობენ შეშუპებას მუხლის არეში?

რატომ ჩნდება სითხე მუხლში და როგორ მკურნალობენ შეშუპებას მუხლის არეში?

მუხლის სახსარში ან მის გარშემო ჭარბი სითხის დაგროვების შედეგად მუხლის არეში შეშუპება ვითარდება.

ექიმმა ამ მდგომარეობას შეიძლება მუხლის სახსრის ეფუზია უწოდოს. საზოგადოებაში პათოლოგია ცნობილია როგორც სითხე მუხლში; ზოგიერთი პაციენტი ამბობს მუხლში წყალი ჩამიდგაო.  

მუხლის არეში შეშუპება შეიძლება გამოწვეული იყოს ტრავმით, ზედმეტი დატვირთვით ან ფარულად მიმდინარე დაავადებით.

შეშუპების მიზეზის დასადგენად მედიკოსს შესაძლოა დასჭირდეს ინფექციაზე, დაავადებასა თუ ტრავმაზე სითხის ანალიზის ჩატარება. როგორც წესი, სითხის ამოღების შემდეგ პაციენტი შვებას გრძნობს (ტკივილის ხარისხი მსუბუქდება).  

დიაგნოზის დასმის, მუხლის არეში შეშუპების მიზეზის დადგენის შემდეგ, ინიშნება მკურნალობის შესაბამისი კურსი.

სითხე მუხლში და სიმპტომები

მუხლში სითხის დაგროვების გამო შესაძლოა გამოვლინდეს:

  • შეშუპება. კვირისტავის (მუხლის თავი) გარშემო კანი შეიძლება შეშუპდეს (თითქოს ამოიბურცა). ეს სიმპტომი განსაკუთრებით თვალშისაცემია მაშინ, როცა მეორე, ჯანმრთელ მუხლს ადარებთ;
  • სიხისტე. მუხლის სახსარში არსებული ჭარბი სითხის გამო გაგიჭირდებათ ფეხის სრულყოფილი მოხრა და გაშლა;
  • ტკივილი. გამომწვევი მიზეზის გამო პაციენტი შეიძლება უჩიოდეს ძალიან ძლიერ ტკივილს.

რატომ ჩნდება მუხლში სითხე, რატომ ვითარდება შეშუპება მუხლის არეში?

მუხლის არეში შეშუპებას ბევრი მიზეზი იწვევს და უმეტესად: ტრავმა, იოგისა თუ მენისკის დაზიანება, ძლიერი დატვირთვის გამო სახსრის გაღიზიანება, მოტეხილობა.

ტრავმის გარდა მუხლში სითხე შესაძლოა ისეთი დაავადებისა თუ მდგომარეობის სიმპტომი იყოს როგორიცაა: ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, ინფექცია, პოდაგრა, ფსევდონიკრისი, ბურსიტი და სხვა.

რისკ-ფაქტორებს განეკუთვნება ასაკი, ჭარბი წონა, სპორტი.

მუხლის არეში შეშუპების გართულებულ ფორმას მიეკუთვნება კუნთების განლევა (ატროფია) და ბეიკერის კისტა.

დიაგნოსტირება და მკურნალობა

იმისთვის, რომ დაზუსტდეს თუ რატომ გაჩნდა სითხე მუხლში ექიმი შეისწავლის თქვენს სამედიცინო ისტორიას და დანიშნავს რენტგენსა და ულტრაბგერით კვლევას. შესაძლოა საჭირო გახდეს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.

როგორც უკვე მოგახსენეთ, გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირების შემდეგ ინიშნება შესაბამისი მკურნალობის კურსი.

ძლიერი ტკივილის შემთხვევაში მედიკოსი გამოგიწერთ ტკივილგამაყუჩებელს, ანთებითი პროცესის შესამცირებლად ინიშნება კორტიკოსტეროიდები. ასევე ზოგიერთი ტიპის სტეროიდი ექიმმა შესაძლოა მუხლის სახსარში ინექციის სახით შეიყვანოს.

თუ პათოლოგიის მართვის არაქირურგიული მეთოდები გარკვეული მიზეზების გამო სასურველ შედეგს არ გამოიღებს, ექიმი განიხილავს ართროცენტეზის (მუხლის სახსრის პუნქცია), ართროსკოპიისა და მუხლის სახსრის ჩანაცვლების პროცედურას.

მუხლის ფუნქციის გაუმჯობესების მიზნით, ექიმმა შესაძლოა ფიზიოთერაპიის კურსის ჩატარების რეკომენდაცია მოგცეთ.

პრევენცია

შეძლებისდაგვარად მუხლში სითხის გაჩენის რისკის შემცირება შესაძლებელია, მაგალითად:

  • მუხლის გარშემო არსებული კუნთის გაძლიერებით;
  • მუხლის სახსრისთვის ეფექტურია ცურვა და წყლის აერობიკა;
  • რეკომენდებულია გქონდეთ ჯანსაღი წონა. გახსოვდეთ, სიმსუქნე მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის და ჭარბი წონა, სიმძიმე განსაკუთრებით ვნებს მუხლს.     

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/swollen-knee/symptoms-causes/syc-20378129