ზრდასრულთა 40%-ზე მეტი მაღალი წნევის მატარებელია, თუმცა არ იცის ჰიპერტენზია რომ აქვს

ზრდასრულთა 40%-ზე მეტი მაღალი წნევის მატარებელია, თუმცა არ იცის ჰიპერტენზია რომ აქვს

ჩუმი მკვლელი თქვენს ორგანიზმში.

მაღალი არტერიული წნევა (სამედიცინო ენაზე ჰიპერტენზია) ნამდვილად ამართლებს ზედმეტსახელს - დიახ, ჩუმად, მალულად, უსიმპტომოდ პროგრესირებს და სიცოცხლისთვის საშიში პათოლოგიების მაპროვოცირებელი ხდება.

ზედმეტად მაღალი წნევისას შესაძლოა ადამიანმა გარკვეული დისკომფორტი და სიმპტომები (ძლიერი თავის ტკივილი, ბუნდოვანი მხედველობა, გულმკერდის ტკივილი და სხვა) იგრძნოს, თუმცა კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ყოველგვარი გამაფრთხილებელი ნიშნის გარეშე მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ აუცილებელია რეგულარულად შეიმოწმოთ წნევის მაჩვენებელი.

ჰიპერტენზიის რისკ-ფაქტორებია:

  • ხანდაზმული ასაკი;
  • გენეტიკა;
  • ჭარბი წონა ან სიმსუქნე;
  • არააქტიური ცხოვრების წესი;
  • რაციონში ჭარბი დოზით მარილი;
  • ზედმეტი ალკოჰოლი.

ზოგჯერ წნევის ციფრების დასარეგულირებლად ჯანსაღი ცხოვრების წესიც კი კმარა, თუმცა ზოგჯერ აუცილებელია მედიკამენტური თერაპია.

წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს მაღალი არტერიული წნევის შესახებ:

  • მსოფლიოს მასშტაბით 30-დან 79 წლამდე ასაკის 1 მილიარდზე მეტ ადამიანს ჰიპერტენზია აქვს;
  • ჰიპერტენზიის მქონე ზრდასრულთა დაახლოებით 46%-ს წარმოდგენა არ აქვს მაღალი წნევის მატარებელი რომ არის;
  • ჰიპერტენზიის მქონე ზრდასრულთა ნახევარზე ნაკლებს წნევა დიაგნოსტირებული და ნამკურნალები აქვს;
  • ჰიპერტენზიის მქონე ყოველი 5 ზრდასრულიდან ერთი წნევას აკონტროლებს;
  • მსოფლიოს მასშტაბით ჰიპერტენზია ნაადრევი სიკვდილის მთავარი გამომწვევი მიზეზია.

 

 

წყარო: 

https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/hypertension