მყუდრო და მშვიდ სოფელში ფერთა ნამდვილი დღესასწაული გელით.
პოლონეთში მდებარე პაწაწინა სოფელი ზალიპიე (Zalipie) ადგილობრივებმა ხელით მოხატეს და ერთ დროს არაფრით გამორჩეული კოტეჯები თუ თეთრი ღობეები ხელოვნების ნიმუშებად აქციეს.
უმშვენიერესი კრაკოვიდან საათნახევარში საშუალება გეძლევათ, ისეირნოთ ზალიპიეს ქუჩებში, რომელიც ტურისტებში ცნობილია ხელით მოხატული სოფლის სახელწოდებით. თუ საკუთარი ავტომობილით არ მგზავრობთ, კრაკოვიდან ჯერ ქალაქ ტარნუვში უნდა ჩახვიდეთ (ავტობუსი, მატარებელი) და შემდეგ ტარნუვიდან სოფლამდე საზოგადოებრივი ავტობუსით ან ტაქსით იმგზავროთ.
საუკუნის წინ რამდენიმე დიასახლისმა გადაწყვიტა, საკუთარი სახლი გაელამაზებინა.
თავდაპირველად ეს იყო მარტივი ორნამენტები, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო დაიხვეწა, გართულდა და ფერთა პალიტრაც მრავალფეროვანი გახდა.
ნახატებმა კერძო საკუთრების ინტერიერიდან თუ ექსტერიერიდან სამეურნეო ნაგებობამდე გადაინაცვლა - მოხალისეებმა მდინარეზე გადასასვლელი ხიდიც კი, ლამაზი ყვავილებით მოხატეს.
სოფელში მოხატულია 50-მდე კოტეჯი. ასევე ლამაზ ნახატებს იხილავთ საქათმეებზე, ღობეებზე, ჭებზე.
ზალიპიეში დიდი პოპულარობით სარგებლობს ფელიცია კურილოვას სახლ-მუზეუმი. იგი პოლონელი მხატვარი იყო, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ხატვის ამ სტილის განვითარებასა და პოპულარიზაციაში.
ტრადიცია, რომელიც დღეს ასე იზიდავს და ამხიარულებს დამთვალიერებელს, თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ნახატს ნახატი ემატებოდა. შთაგონების წყაროს ყოველთვის ბუნება და ადგილობრივი ფოლკლორი წარმოადგენდა.
ზალიპიეში სტუმრობა მხოლოდ ქალაქის ხმაურიდან გარიდება როდია, ეს სოფელი ყველა ვიზიტორს ლამაზი ბუნებითა და ხელოვნების ნიმუშებით ეგებება. ფაქტობრივად, მთელი სოფელი ერთი დიდი საგამოფენო სივრცეა მეგობრული ადგილობრივებითა და დაუვიწყარი პეიზაჟებით.