მწვანე კონცხი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ზღვისპირა კურორტია, რომელიც ბათუმიდან 9 კმ-ის დაშორებით, ზღვის დონიდან 70-92 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს. ისტორიულად ამ ადგილს "სასირე ყელი" ეწოდება. სახელწოდება "მწვანე კონცხი", მისი მარადმწვანე საფარველის გამო უწოდეს მას რუსულენოვანმა დამსვენებლებმა. ამ ადგილის კეთილმოწყობით XIX ს-ის ბოლო წლებიდან დაინტერესდნენ. ჯერ კიდევ 1903 წელს ბათუმის ექიმთა საზოგადოების ინიციატივით მწვანე კონცხზე მოეწყო რკინიგზელთა კლიმატური სადგური, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მუშაობდა. სწორედ მწვანე კონცხის ულამაზეს ფერდობებზეა გაშენებული მსოფლიო მნიშვნელობის ბოტანიკური ბაღი, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით დამსვენებელი და სტუმარი ათვალიერებს. მწვანე კონცხზე განლაგებულია კეთილმოწყობილი სანატორიუმები, სასტუმროები, რესტორნები და კაფე-ბარები. მწვანე კონცხის ზღვისპირა ზოლი საუკეთესო ადგილია არა მხოლოდ ცურვისა და მზის აბაზანების, არამედ დაივინგის მოყვარულთათვისაც.