წყალტუბო

წყალტუბო

წყალტუბო დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთით, მდინარეების რიონისა და გუბისწყლის ხეობაში, ქუთაისიდან 7 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. რეგიონის ძირითადი მინერალური რესურსია წყალტუბოს ცნობილი სამკურნალო თერმული წყალი, რომელიც ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით უნიკალურია. მისი ძირითადი დამახასიათებელი თვისებაა რადიოაქტივობა. წყალი შეიცავს კეთილშობილ აირს, რადონის ემანაციას, აზოტის დიდ რაოდენობას და ჰელიუმს. წყალტუბოს სამკურნალო წყალი დიდი ხანია გახდა ჯანსაღი ცხოვრების სიმბოლო. ამ უნიკალურ საჩუქარს ტყუილად როდი უწოდეს „უკვდავების წყარო“. ადამიანის ორგანიზმზე კურორტის წყლების ნაყოფიერი ზემოქმედება ცნობილია უხსოვარი დროიდან. დღეისათვის კი თანამედროვე სამკურნალო-სარეაბილიტაციო დანადგარები იძლევა მკურნალობის, პროფილაქტიკისა და ორგანიზმის ტონუსის ამაღლების საშუალებას.

კურორტ წყალტუბოში იყენებენ აბაზანის მიღების თავისებურ ტექნიკას. აბაზანის მიღების თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ მკურნალობა მიმდინარეობს მუდმივად გამდინარე წყალში. კურორტზე აღმჩენილ იქნა კიდევ ერთი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი - კარსტული მღვიმეები, რომელთა მიკროკლიმატი (განსაკუთრებით კი „თათრი მღვიმის“ მიკროკლიმატი) წარმატებით გამოიყენება ჰიპერტონული დაავადების, ბრონქული ასთმისა და ნევროზების სამკურნალოდ. სანახავად კი ეს არის დაუვიწყარი შთაბეჭდილება. წყალტუბოში მკურნალობენ როგორც მოზრდილებს, ასევე ბავშვებს.
კლასიკური საკურორტო მკურნალობის რეკომენდირებული ხანგრძლივობაა 14-21 დღე.

ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები - ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, გულის შეძენილი მანკები, ვენების ვარიკოზული გაგანიერება და სხვა; შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები - ქრონიკული პიელონეფრიტი რემისიის ფაზაში, ქრონიკული ნეფრიტი, ცისტიტი არატუბერკულოზური წარმოშობის, ქრონიკული პროსტატიტი; რევმატოიდული პოლიართრიტი. ინფექციური პოლიართრიტი პროცესის აქტივობის ნიშნების გარეშე, ზრდასრულთა ხერხემლის ოსტეოქონდროზი, მაანკილოზებელი სპონდილოართროზი, ხერხემალში მოძრაობის გამოხატული დარღვევების გარეშე, სპონდილიტი და ინფექციური წარმოშობის (არატუბერკულოზური) ოსტეოქონდროზი პაციენტის თვითგადაადგილების უნარით, მიოზიტი, პერიართრიტი, სახსრების კონტრაქტურები; ნერვული სისტემის დაავადებები; ენდოკრინული სიმსუქნე, ალიმენტური სიმსუქნე და სხვა.

გამაჯანსაღებელი სპა ცენტრები