თორღვას აბანო

თორღვას აბანო

კურორტი თელავის რაიონში მდებარეობს, სადაც საშუალო მთის (ზედა სარტყელი) კლიმატი ბატონობს. ზამთარი აქ ცივია, მდგრადი, თოვლის დაბალი საფარით, ზაფხული - ზომიერად თბილი, მშრალი. საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა 55%-ია. აქ გავრცელებულია წიწვოვანი ტყეები (კავკასიური ნაძვი, სოჭი). კურორტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის მეტად ხელმისაწვდომი და მოსახერხებელია. ის ფართო მასებისთვის ნაკლებადაა ცნობილი და პოპულარული, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, თუმცაღა მისი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები საკმაოდ საინტერესო და სასარგებლოა, განსაკუთრებით ჭარბწონიანობის დიაგნოზის შემთხვევაში. ამ ტიპის ბუნებრივი რესურსი მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელია: საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა და სუსტად სულფიდური, ქლორიდულ-კარბონატულ-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი მინერალური წყლები გოგირდწყალბადის, კაჟმჟავას შემცველობით. მკურნალობენ მინერალური წყლის აბაზანებით, პასიური კლიმატოთერაპიით. ჩვენებები: ენდოკრინული სისტემისა და ნივთიერებათა ცვლის მოშლით გამოწვეული დაავადებები - ენდოკრინული სიმსუქნე, ალიმენტური სიმსუქნე, მცირე ფიზიკური აქტივობით გამოწვეული სიმსუქნე, ნევროგენული წარმოშობის ლიპიდური ცვლის დარღვევები, პარათირეოიდული ჯირკვლების ჰიპოფუნქციის შედეგად განვითარებული ოსტეოქონდროზი ნევროგენული ცვლილებების გარეშე; რკინადეფიციტური ანემია (სისხლნაკლებობით, მძიმე პათოლოგიებით ან პოსტჰემორაგიული ავიტამინოზით გამოწვეული რკინის დეფიციტი); რადიკულიტი, რადიკულონევრიტი, გამოწვეული ოსტეოქონდროზით და ტოქსიკური ან ინფექციურ-ალერგიული პროცესით; ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები, გინეკოლოგიური დაავადებები, შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები და სხვა.