თბილისის შემოგარენში, სულ რამდენიმე წუთის სავალზე, არაერთი კურორტის ტიპის დაბა და სოფელია, სადაც ზაფხულის ცხელი დღეების სასიამოვნოდ გატარება შეიძლება: გომარდული, გომბორი, თეთრი წყარო, მანგლისი, წყნეთი, კოჯორი, კიკეთი და სხვა. კიკეთი ქალაქთან სიახლოვით და მშვენიერი კლიმატით იზიდავს დამსვენებელს. სოფელი მთაწმინდის რაიონს მიეკუთვნება. მდებარეობს თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ განშტოებაზე, ზღვის დონიდან 1200 მ. სოფელთან დგას ხუროთმოძღვრების ძეგლი კაბენი.
კიკეთი უფრო ადგილობრივი მნიშვნელობის საბავშვო კურორტია. იცის ზომიერად რბილი ზამთარი, თბილი და მშრალი ზაფხული.
მანგლისის გზაზე, კიკეთის გადასახვევთან იწყება ველობილიკი, რომელზეც ეწყობა მარათონები. ველობილიკი გაივლის კიკეთს და სატყეო გზით ეშვება ასურეთის მიმართულებით. გზაზე გადასახედია, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი ქვემო ქართლზე. მარშრუტზე აღმართები თითქმის არ შეგხვდებათ, რადგან ასურეთამდე სულ დაღმართია. ქედიდან დაშვების შემდეგ მარშრუტი გადის უზარმაზარ მინდორს და სრულდება ასურეთში, თბილისი - თეთრიწყაროს დამაკავშირებელ გზაზე. რეკომენდებულია სამთო ტიპის ველოსიპედის გამოყენება.