დაბა აბასთუმანი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამთობალნეოლოგიური კურორტია. საქართველოს ეს ულამაზესი კურორტი აჭარა-იმერეთის უღელტეხილის ერთ-ერთ ნაწილში, მარადმწვანე ხეობაში მდებარეობს. იგი განლაგებულია მესხეთის ქედის სამხრეთითა და ფერსათის მთის აღმოსავლეთით ზღვის დონიდან 1275-1340 მეტრ სიმაღლეზე. აბასთუმანი თბილისიდან დაშორებულია 260 კმ-ით. კურორტ აბასთუმანთან არის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის უკიდურესი დასავლეთი შესასვლელი და საგუშაგო. ზეკარის უღელტეხილიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფარგლებშია მოქცეული. აქ მდებარეობს ცნობილი ობსერვატორია.
აბასთუმანი ზომიერად მშრალი კურორტების რიცხვს მიეკუთვნება. ხეობის თითქმის ვერტიკალურად აზრდილი ფერდობები დაფარულია წიწვოვანი ტყით, რომელშიც ფიჭვი დომინირებს, რომელიც ყვავილობის დროს უებარი სამკურნალო საშუალებაა ფილტვებით ავადმყოფი ადამიანისთვის. აბასთუმნის თერმული წყლების სამკურნალო თვისებებიც საყოველთაოდაა აღირებული.
აბასთუმანში არსებული თერმული წყლების გამო იგი კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტად მიიჩნევა.
ადგილობრივი მთის კლიმატი - ეს არის სუფთა ჰაერი, მზის, განსაკუთრებით - ულტრაიისფერი სხივების ინტენსიური რადიაცია, დაბალი ბარომეტრიული წნევა და ჟანგბადის გაცილებით მაღალი შემცველობა. ყველა ამ ფაქტორის გამო მთის კლიმატი ახდენს მატონიზირებელ და გამაკაჟებელ ეფექტს ადამიანის ორგანიზმზე. განსაკუთრებით უხდება მათ, ვისაც ფილტვებისა და გულის ქრონიკული კომპენსირებული დაავადებები აწუხებს. მთის კლიმატის ბიოლოგიური მოქმედება მრავალფეროვანია: ამშვიდებს და ტონუსს მატებს ნერვულ სისტემას; აუმჯობესებს სასიცოცხლო პროცესების რეგულაციას, ზრდის ორგანიზმის იმუნიტეტს სხვადასხვა დაავადების მიმართ. კლიმატური კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორები - კლიმატი და ლანდშაფტის თავისებურებები გახლავთ.
ჩვენებები: ფილტვების ტუბერკულოზის სხვადასხვა ფორმა გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის დარღვევისა და ფილტვების სასუნთქი ფართობის მნიშვნელოვანი შეზღუდვის გარეშე; ფილტვების ტუბერკულოზის თანხლებით მიმდინარე დაავადებები: ხორხის ტუბერკულოზის არაწყლულოვანი ფორმები, ტუბერკულოზური ლიმფადენიტები და პლევრიტები მცირედ მომატებული ტემპერატურით; პერიფერიული ლიმფური ჯირკვლების ტუბერკულოზი დიდი დაჩირქებების გარეშე, ქრონიკული ბრონქიტი მკვეთრი ემფიზემის გარეშე, ბრონქული ასთმის მსუბუქი ფორმები, მეორეული სისხლნაკლულობა. უკუჩვენებები: ფილტვების ტუბერკულოზი დეკომპენსაციის სტადიაში, ფილტვების ტუბერკულოზი სასუნთქი ფართობის მნიშვნელოვანი შეზღუდვით, სისხლდენებისადმი მიდრეკილება.