შოვი მდებარეობს ონის რაიონში, მდინარე ჭანჭახის ხეობაში ზღვის დონიდან 1600 მეტრზე. აქ ბევრია ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატულ-კალციუმიან-ნატრიუმიანი და რკინიანი სამკურნალო წყალი. შოვის მინერალურ წყაროებს ჯერ-ჯერობით მხოლოდ საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოთა და საშარდე გზების დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ. ამ კურორტის კლიმატური ფაქტორების შეხამება მის ბალნეოთერაპიულ ფაქტორებთან ერთობ ხელსაყრელია კომბინირებული დაავადებების კომპლექსური მკურნალობისათვის. შოვში (ახალჭალა, ნეძვი, უწერა, წინუბანი) მკურნალობის ჩვენებებია: გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. გულის იშემიური დაავადება, პირველი ფუნქციური კლასის დაძაბვის სტაბილური სტენოკარდია (კანადის კარდიოლოგთა ასოციაციის კლასიფიკაცია), ესენციური ჰიპერტენზიის პირველი სტადია (ჯანმო-ს კლასიფიკაცია), ესენციური ჰიპოტენზია, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ქვედა კიდურების სისხლძარღვთა მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი, პროგრესირებადი იშემიის და განგრენის გარეშე, თრომბოფლებიტები, მწვავე პროცესის ჩაცხრობიდან 2-4 თვის შემდეგ; ასევე - სასუნთქი სისტემის დაავადებები: ბრონქული ასთმა - მსუბუქად მიმდინარე, რემისიის სტადიაში, ქრონიკული არაობსტრუქციული ბრონქიტი რემისიის სტადიაში, ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი რემისიის სტადიაში; საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები - რეფლუქსეზოფაგიტი, გამნწვავების ფაზის გარეშე, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული სრული ან არასრული რემისიის ფაზაში, სისხლდენებისკენ მიდრეკილების გარეშე, ოპერაციიდან 2 თვის შემდეგ, ინფექციური ჰეპატიტი არააქტიურ ფაზაში და მისი ნარჩენი მოვლენები დაავადების გადატანიდან 1-2 თვის შედეგ, ქრონიკული ჰეპატიტი, ქრონიკული ქოლეცისტიტი და ქოლანგიტი, ქრონიკული პანკრეატიტი; შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები; გინეკოლოგიური დაავადებები, ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები და სხვა.