რას ნიშნავს მზის ალერგია?
მზის ალერგია არის ტერმინი, რომელიც სხვადასხვა მდგომარეობას მოიცავს; ყველა ამ მდგომარეობას იწვევს მზის სინათლესთან კონტაქტის ფონზე განვითარებული ალერგია, რომელიც შესაბამისი სიმპტომებით ვლინდება.
მზის ალერგიის ყველაზე ხშირი, გავრცელებული ფორმა პოლიმორფული გამონაყარია (ასევე ცნობილია მზის მოწამვლის სახელწოდებითაც).
ზოგიერთ ადამიანს მზის ალერგიის თანდაყოლილი, მემკვიდრეობითი ფორმა აქვს. სხვა კლინიკურ შემთხვევაში სიმპტომები ჩნდება გარკვეული ფაქტორების ზემოქმედების შედეგად, მაგალითად, რეაქცია შესაძლოა ჩამოყალიბდეს ზოგიერთი მედიკამენტის თუ მცენარესთან კონტაქტის გამო.
მსუბუქი ალერგიის სპეციფიკური მართვა საჭირო არაა - სიმპტომები ლაგდება მკურნალობის გარეშე. თუმცა მწვავე შემთხვევებისთვის მოწოდებულია წამლები და კრემები (ინიშნება ალერგოლოგის მიერ, შესაბამისი დიაგნოსტირების შემდეგ).
თუ ადამიანს აქვს მზის მწვავე ალერგია უნდა დაიცვას რიგი საპრევენციო რეკომენდაციები (შეძლებისდაგვარად უნდა მოერიდოს მზეს, შეიმოსოს მზისგან დამცავი სამოსით).
სიმპტომები
სიმპტომები ვლინდება მზესთან კონტაქტის შემდეგ რამდენიმე წუთში ან საათში.
მზის ალერგიისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- სიწითლე;
- ქავილი ან ტკივილი;
- პაწაწინა გამობურცულობები;
- აქერცვლა, ფუფხით დაფარვა ან სისხლდენა;
- ბებერები ან ჭინჭრის ციება.
გამომწვევი მიზეზი
ზოგიერთი მედიკამენტის, ქიმიური ნივთიერებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სავსებით შესაძლებელია კანი უფრო მეტად მგრძნობიარე გახდეს მზის სხივების მიმართ - უცნობია თუ რატომ აქვს ზოგიერთ ადამიანს მზის ალერგია და რატომ არასდროს აწუხებს იგივე სხვას.
რასაკვირველია, გასათვალისწინებელია ოჯახური ანამნეზი - ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ალერგია მემკვიდრეობითია.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/sun-allergy/symptoms-causes/syc-
20378077