რა უნდა იცოდეთ კისრის დაჭიმულობის შესახებ?
კისრის დაჭიმვის მიზეზი ხშირად არის თავის წინ, უკან თუ გვერდზე უეცრად გადაწევა. ასევე ბევრ კლინიკურ შემთხვევაში დაზიანების რისკ-ფაქტორს ავტოსაგზაო შემთხვევა წარმოადგენს. კისრის დაჭიმულობას ასევე უჩივიან სპორტსმენები, რომლებიც კონტაქტური სპორტით არიან დაკავებულნი. კისრის დაჭიმვის რისკი იზრდება დაცემის, წაქცევის ფონზე.
დაუშვებელია თვითმკურნალობა, თუ კისრის არეში დაჭიმულობა განვითარდა ტრავმის, ავტოავარიის გამო.
უხერხული მოძრაობით გამოწვეული დაჭიმულობა რამდენიმე დღეში თავისით ლაგდება.
სერიოზული დაზიანების დროს, როდესაც ეჭვია მოტეხილობაზე ან სხვა ტიპის ნებისმიერ შესაძლო გართულებაზე, ინიშნება კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (დიაგნოსტირების მეთოდებს არჩევს ექიმი, კონკრეტული კლინიკური შემთხვევის საფუძველზე).
აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ გეცნობათ შემდეგი სიმპტომები:
- ტკივილი, ჩხვლეტა, დაბუჟება ან სისუსტე, რომელიც ვრცელდება ქვემოთ (ხელისკენ, მხრისკენ, მკლავისკენ);
- თავის ტკივილი ან თავბრუსხვევა;
- მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები ან სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- გიჭირთ ბალანსის დაჭერა;
- დაკარგეთ კონტროლი შარდის შეკავებისა თუ კუჭის მოქმედების უნარზე;
- ტკივილი, მომატებული მგრძნობელობა კისრის არეში.
კისრის დაჭიმულობის საერთო ნიშნები
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში კისრის კუნთების დაჭიმულობა (როგორი მსუბუქი მიმდინარეობითაც არ უნდა გამოირჩეოდეს), რასაკვირველია, იწვევს დისკომფორტს, ცხოვრების ხარისხის დაქვეითებას.
კისრის დაჭიმულობის გავრცელებული სიმპტომებია:
- ტკივილი კისრის არეში;
- სუსტი, ერთგვარი ფეთქვადი ტკივილი;
- ბასრი ტკივილი;
- ტკივილი, რომელიც მწვავდება მოძრაობის ფონზე;
- კუნთის სპაზმი;
- კისრის გაშეშება.
გაითვალისწინეთ, ზოგჯერ კისრის დაჭიმულობას თან ახლავს სხვა პათოლოგია თუ დაზიანება, შესაბამისად, ჩნდება უშუალოდ ამ მდგომარეობებისთვის დამახასიათებელი ნიშნებიც.
წყარო:
https://www.spine-health.com/conditions/neck-pain/neck-strain-symptoms