რა არის ხერხემლის თიაქარი?
ხერხემლის თიაქარი ტრავმა/დაზიანებაა მალებს შორის მდებარე შემაერთებელ ქსოვილებზე, რომელიც იწვევს ზედმეტ დაჭიმულობას, ზეწოლას ზურგის ტვინზე. შედეგად პაციენტი უჩივის ზურგის ტკივილს, მომატებულ მგრძნობელობას სხეულის სხვადასხვა არეში.
ზუსტი დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.
კლინიკური შემთხვევიდან გამომდინარე მკურნალობის კურსი შესაძლოა მოიცავდეს მედიკამენტურ თერაპიას ან საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა.
გამომწვევი მიზეზი
ხერხემლის თიაქრის ჩამოყალიბების შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:
• ტრავმა, მრავლობითი დაზიანება;
• ჭარბი წონა;
• პაციენტის ხანდაზმული ასაკი;
• ხერხემლის დაავადებები (მაგალითად, სკოლიოზი, კიფოზი, ოსტეოქონდროზი);
• არასწორი ფიზიკური დატვირთვა, სხეულის ზედმეტი გადატვირთვა;
• სიმძიმის აწევა და არაჯანსაღი ცხოვრების წესი;
• გენეტიკური წინასწარგანწყობა.
პრევენცია
საპრევენციო ღონისძიებების გატარება ყოველთვის შესაძლებელი არაა, თუმცა გარკვეული მეთოდებით პათოლოგიის ჩამოყალიბების რისკის მინიმუმამდე შემცირება ნამდვილად შესაძლებელია.
რეკომენდებულია:
- მოერიდეთ მძიმე ნივთების აწევას ან ტვირთი ისე გადაანაწილეთ, რომ ზურგი თუ წელი ზედმეტად არ გადაიტვირთოს;
- ზედმეტი კილოგრამები ხერხემლისთვის სერიოზული გამოწვევაა, შესაბამისად, სიმსუქნის შემთხვევაში აუცილებლად უნდა დაიკლოთ წონა;
- სიარულის, დგომის, ჯდომისა თუ წოლის დროს სხეულის კარგი პოზა შეარჩიეთ;
- მაქსიმალურად მოერიდეთ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს;
- უარი თქვით თამბაქოზე;
- იკვებეთ ჯანსაღად;
- ზურგის კუნთების გასამკვრივებლად ივარჯიშეთ ყოველდღიურად - ძალიან სასარგებლოა აერობიკა.