დეპრესია ფსიქიკური დარღვევაა.
ფსიქოლოგიური აშლილობა გავლენას ახდენს პაციენტის გრძნობებზე, ქცევაზე, შესაბამისად, ვლინდება როგორც ფსიქიკური, ისე ფიზიკური სიმპტომებით.
დარღვევის შედეგად მნიშვნელოვნად ქვეითდება ადამიანის ცხოვრების ხარისხი; დეპრესია პაციენტს ცხოვრების აზრს აკარგვინებს. მდგომარეობა არ არის მხოლოდ ცუდი გუნება-განწყობილება და საჭიროებს სათანადო მკურნალობას. აუცილებელია ადამიანმა მიმართოს ფსიქოლოგს, რადგან სპეციალისტის ჩართულობით, ფსიქოთერაპიითა და შესაბამისი
მედიკამენტებით მართვის დროს სიმპტომები მსუბუქდება, პაციენტის ცხოვრების ხარისხი უმჯობესდება, მნიშვნელოვნად ქვეითდება ნებისმიერი შესაძლო გართულების რისკი.
დეპრესიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს როგორც გენეტიკური, ისე გარემო, ბიოლოგიური თუ ფსიქოლოგიური ფაქტორები.
ფსიქოლოგთა განმარტებით, მენტალურ დარღვევათა შორის დეპრესია ყველაზე გავრცელებული დიაგნოზია.
პრაქტიკულად ჯანმრთელი პიროვნება ვერც კი აცნობიერებს თუ როგორ ცუდად შეიძლება გრძნობდეს თავს დეპრესიაში მყოფი ადამიანი.
არ გაგიკვირდეთ თუ ზოგიერთი მათგანი ზედმეტი ყურადღებისა თუ თუნდაც გამამხნევებელი სიტყვების გამო გაღიზიანდეს; რა ვუთხრათ ან რა არ ვუთხრათ დეპრესიის მქონე ოჯახის წევრს, მეგობარსა თუ საყვარელ ადამიანს, როგორ შევძლოთ მათი გამხიარულება, მდგომარეობიდან გამოყვანა?
პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ, რომ თქვენი ძვირფასი ადამიანი ცუდ ხასიათზე ამინდის ცვლილების გამო არაა და არც, მაგალითად, თმის ვარცხნილობის შეცვლით განიკურნება - ის ებრძვის მძიმე ფსიქიკურ აშლილობას, მკურნალობის პროცესში კი თქვენი გვერდში დგომა ნამდვილად დასაფასებელია.
ყველაზე კარგი, რასაც დეპრესიის მქონე პირისთვის გააკეთებთ არის ის, რომ მოუსმინოთ, ყოველგვარი განსჯის გარეშე დაინტერესდეთ თუ რას გრძნობს, რას ფიქრობს.
არის გარკვეული ფრაზები, რომელსაც შეიძლება კარგი განზრახვით ეუბნებოდეთ, თუმცა ეს სიტყვები ადამიანს გაცილებით ცუდად აგრძნობინებს თავს.
არ უთხრათ შემდეგი:
- მდგომარეობიდან გამოდი;
- უფრო მეტად შეეცადე;
- ნუ დარდობ, გულს ნუ გაიტეხ;
- გამხიარულდი, გაიღიმე;
- მაგრამ არ ჰგავხარ დეპრესიულ ადამიანს, დეპრესიაში მყოფს;
- არ მეჩვენები მოწყენილი, სევდიანი;
- შეიძლება უფრო უარესიც ყოფილიყო;
- ეს ყველაფერი შენს გონებაშია;
- დამნაშავე თავად ხარ;
- იგონებ, შენი წარმოსახვაა;
- მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ, სხვებსაც აქვთ პრობლემები;
- ამაზე ნუ იფიქრებ;
- პოზიტიურად იფიქრე და დარდი გაქრება;
- ვიცი რასაც გრძნობ;
- რატომ ხარ დეპრესიაში? მშვენიერი ცხოვრება გაქვს, არაფერი გაკლია;
- ბედნიერება არჩევანია;
- დაასრულე, თავიდან მოიშორე და სხვა.
რა შეგვიძლია ვუთხრათ გასამხნევებლად?
ამ შეკითხვაზე ერთი სრულყოფილი, ჯადოსნური და უნივერსალური პასუხი არ არსებობს.
როგორც წესი, ამ თემაზე რჩევას, რეკომენდაციას მკურნალი ექიმი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს აძლევს. განკურნების პროცესში საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა დეპრესიაში მყოფი პირისთვის დიდი შვებაა. პაციენტთან კომუნიკაციისას გაითვალისწინეთ ექიმის მითითება.
ამასთან, შესაძლოა ეფექტური იყოს თქვენი გულისხმიერებისა და გულწრფელი
დახმარების სურვილის გამოხატვა შემდეგი სიტყვებით:
- როგორ შემიძლია დაგეხმარო ამ პერიოდში;
- ვწუხვარ შენი ტკივილის, დარდის გამო. აქ ვარ, შენთან ვარ;
- მითხარი უფრო მეტი ამის შესახებ;
- ჩემთან ერთად სეირნობის სურვილი ხომ არ გაქვს;
- თუ შეიძლება შენთან რომ დავრჩე, დრო შენთან გავატარო;
- შეიძლება სადილი მოგიტანო;
- მადლობა რომ გამიზიარე გრძნობები, განცდები, რადგან ახლა უკეთ შემიძლია გავიგო თუ რა გზას გადიხარ;
- მიყვარხარ;
- არ გააკეთო ისეთი რამ, რაც დისკომფორტს გიქმნის;
- ყველაფერი კარგად იქნება;
- არ ვფიქრობ, რომ შეშლილი ხარ;
- კარგი ადამიანი ხარ;
- ეს შენი ბრალი არ არის;
- შენ არ ხარ გარშემომყოფებისთვის ტვირთი და სხვა.
წყარო:
https://www.psycom.net/depression.central.6.things.never.say.html
https://www.verywellmind.com/worst-things-to-say-to-someone-who-is-
depressed-1066982
https://www.headstogether.org.uk/10-things-to-say-to-someone-with-depression/