რას ნიშნავს შაკიკი აურით?
შაკიკი არის ქრონიკულად მორეციდივე ნევროლოგიური დაავადება, რომლის დროსაც პაციენტი უჩივის პულსირებად, ფეთქვად და მწვავე ტკივილს თავის ერთ ან ორივე არეში. ზოგჯერ თავის ძლიერ ტკივილს თან ახლავს გულისრევა, ღებინება, ხმისა თუ სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
შაკიკი აურით
შაკიკი აურით (ასევე ცნობილია კლასიკური შაკიკის სახელწოდებითაც) პერიოდულად აღმოცენებული თავის ტკივილია, რომელიც მიმდინარეობს სენსორული დარღვევით (ანუ აურა).
თავის ტკივილის შეტევას წინ უძღვის ან უშუალოდ ტკივილს თან ახლავს ერთგვარი გამაფრთხილებელი, სენსორული შეგრძნებები, მაგალითად, სინათლის გაელვება, მხედველობის დაქვეითება, ჩხვლეტის შეგრძნება - პაციენტს აქვს არაერთი უჩვეულო შეგრძნება ხელებისა და სახის არეში.
შაკიკი აურით ექვემდებარება მკურნალობის იმავე მეთოდებს, რომელიც მოწოდებულია ჩვეულებრივი შაკიკის მართვისთვის. მომავალში შეტევის თავიდან არიდების მიზნით, ინიშნება ის მედიკამენტური თერაპია, რომელიც რეკომენდებულია აურის გარეშე მიმდინარე შაკიკის პრევენციისთვის.
შაკიკი აურით - გამომწვევი მიზეზი
შაკიკის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ნევროლოგიური დაავადების განვითარებაში გარკვეულ როლს თამაშობს როგორც გენეტიკური, ისე გარემო ფაქტორები.
სავსებით შესაძლებელია ქრონიკულად მორეციდივე ნევროლოგიური დაავადების ჩამოყალიბებაში მონაწილეობდეს ტვინის ღეროს ცვლილებები და მისი ურთიერთქმედება სამწვერა ნერვზე, საყურადღებოა ტვინის ქიმიური ნივთიერებების დისბალანსიც.
რისკ-ფაქტორებია:
- ჰორმონული ცვლილებები (ქალებში);
- ჭარბი დოზით ალკოჰოლის მოხმარება;
- სტრესი, შფოთვა;
- კაშკაშა სინათლე ან ძლიერი ხმაური;
- ძილთან დაკავშირებული პრობლემები;
- ფიზიკური გადაძაბვა;
- ამინდის ცვლილება;
- ზოგიერთი მედიკამენტი და სხვა.
ერთ-ერთი ვერსიით შაკიკი აურით განპირობებულია ტვინში მდებარე
ელექტრული ან ქიმიური ტალღებით. ელექტრული ან ქიმიური ტალღები
ვლინდება ტვინის იმ არეში, სადაც ხდება სენსორული სიგნალების,
მეტყველების ცენტრის, ან მოძრაობის უნარის დამუშავება.
გასათვალისწინებელია შაკიკით ავადობის ოჯახური ანამნეზი.
ამასთან, შაკიკის დიაგნოზი გაცილებით ხშირია ქალებში.
სიმპტომები
აურით მიმდინარე შაკიკის დროს ვლინდება დროებითი მხედველობითი ან სენსორული ცვლილებები. ეს ცვლილებები, როგორც წესი, წინ უსწრებს შაკიკისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს (ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევა, მომატებული მგრძნობელობა სინათლეზე და სხვა).
ჩვეულებრივ, შაკიკი აურით ჩნდება თავის ტკივილამდე 1 საათით ადრე და გრძელდება 60 წუთზე ნაკლები დროის განმავლობაში. ზოგჯერ შაკიკი აურით მიმდინარეობს თავის ტკივილის გარეშე და ეს ხშირია 50 წლის და 50 წელს გადაცილებულ პირებში. აურით მიმდინარე შაკიკისთვის დამახასიათებელია შემდეგი ვიზუალური
სიმპტომები:
- მხედველობის დაქვეითება გარკვეულ წერტილებში;
- პაციენტი ხედავს დაკლაკნილ ხაზებს, მანათობელ წერტილებს, ვარსკვლავებს;
- მხედველობის ცვლილება ან დაკარგვა;
- სინათლის გაელვება.
სხვა დროებითი ცვლილებებია:
- ერთ ხელში ან სახის ერთ მხარეს დაბუჟება;
- მეტყველების პრობლემა;
- კუნთის სისუსტე.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/migraine-with-aura/symptoms-
causes/syc-20352072