გულის წასვლა - რატომ ვკარგავთ გონებას?

გულის წასვლა - რატომ ვკარგავთ გონებას?

რა არის ვაზოვაგალური სინკოპე?

 ვაზოვაგალური სინკოპე ვლინდება მაშინ, როდესაც გარკვეულ გამღიზიანებელზე ორგანიზმი მწვავედ რეაგირებს, შედეგად ადამიანი გონებას კარგავს.

ვაზოვაგალური სინკოპეს დროს გულისცემა ნელდება და არტერიული წნევა უეცრად ეცემა. ჯაჭვური რეაქციის შედეგად ტვინში მცირდება სისხლის ნორმალურად მიდინების პროცესი.

ჩვეულებრივ, გონების დაკარგვა უვნებელია და არ საჭიროებს სპეციფიკურ მკურნალობას. თუმცა უშუალოდ გონების დაკარგვის დროს არავინაა დაზღვეული დაცემით გამოწვეული ტრავმისგან.

კონკრეტული კლინიკური შემთხვევიდან, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს დამატებითი კვლევები, გაცილებით სერიოზული დაავადების, მაგალითად, გულის პათოლოგიის დიაგნოსტირების თუ გამორიცხვის მიზნით.

სიმპტომები

გულის წასვლამდე, გონების დაკარგვამდე შესაძლოა შენიშნოთ შემდეგი ნიშნები:

  • ფერმკრთალი კანი;
  •  გულის წასვლის შეგრძნება;
  •  პერიფერიული მხედველობის დაკარგვა;
  •  სითბოს, სიმხურვალის შეგრძნება;
  •  ცივი, წებოვანი ოფლი;
  •  ბუნდოვანი მხედველობა;
  •  გულისრევა.

უშუალოდ გულის წასვლისას თვითმხილველებმა შესაძლოა შენიშნონ შემდეგი სიმპტომები:

  •  უჩვეულო მოძრაობები;
  •  ნელი, სუსტი პულსი;
  •  გაფართოებული გუგები.

გულის წასვლისას ადამიანი გონზე მოსვლას იწყებს ერთ წუთში. არ გირჩევთ მაშინვე ფეხზე წამოდგომას, სასურველია, მინიმუმ 15-30 წუთი იწვეთ, ორგანიზმი დაასვენოთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია გონება კიდევ დაკარგოთ.

როდის მივმართოთ ექიმს?

გულის წასვლის გამომწვევი მიზეზი შესაძლებელია სერიოზული დაავადება იყოს, შესაბამისად, გირჩევთ მიმართოთ ექიმს თუ მანამდე გონება არასდროს დაგიკარგავთ.

გამომწვევი მიზეზი
ზოგჯერ ვაზოვაგალური სინკოპეს კლასიკური გამღიზიანებელი უცნობია.

ხშირი გამომწვევი მიზეზებია:

  •  ფეხზე დიდხანს დგომა;
  •  ჰაერის მაღალი ტემპერატურა;
  •  სისხლის დანახვა;
  •  ვენიდან სისხლის აღება;
  •  სხეულის დაზიანების, ტრავმის შიში;
  •  ჭინთვა, მაგალითად, დეფეკაციის დროს.

შესაძლებელია თუ არა პრევენცია?

სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ შეძლებთ ვაზოვაგალური სინკოპეს თავიდან არიდებას.

როგორ მოვიქცეთ გულის წასვლის დროს?
თუ გაქვთ შეგრძნება რომ გონებას კარგავთ, დაწექით და ფეხები მაღლა ასწიეთ. თუ ადამიანი ისეთ გარემოშია, სადაც დაწოლას ვერ შეძლებს, უნდა დაჯდეს და თავი მუხლებს შორის ჩარგოს - ამ პოზაში უნდა იყოს ვიდრე უკეთ არ გახდება.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/vasovagal-syncope/symptoms-
causes/syc-20350527