კომპიუტერული ტომოგრაფია - რატომ გვინიშნავს ექიმი CT  (კტ) კვლევას?

კომპიუტერული ტომოგრაფია - რატომ გვინიშნავს ექიმი CT (კტ) კვლევას?

რა არის კომპიუტერული ტომოგრაფია?

თუ სამედიცინო თემაზე გადაღებული სერიალების მოყვარული ხართ, ალბათ, არაერთხელ მოგისმენიათ თეთრ ხალათში გამოწყობილი გმირი როგორ მოითხოვს კომპიუტერულ ტომოგრაფიას ან სოციალურ ქსელში შეგხვედრიათ აქცია, სადაც კტ-ს გთავაზობენ, შესაძლოა თქვენი ოჯახის წევრს დაუნიშნეს CT - სტატიაში დეტალურად მოგითხრობთ აღნიშნული სადიაგნოსტიკო კვლევის მეთოდზე, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი დიდი აღმოჩენა.

CT, კტ, კტ კვლევა, CT ტომოგრაფია, CT კვლევა

კომპიუტერული ტომოგრაფიის დახმარებით, რადიოლოგი იღებს ორგანოთა და ქსოვილთა შრეობრივ გამოსახულებას რენტგენის სხივების გამოყენებით - იგი მთლიანი სხეულის, ორგანიზმის სრულყოფილი გამოსახულებაა.

კტ (CT) კვლევის დროს ექიმი დეტალურად ხედავს ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებს. სწორედ ამიტომ კომპიუტერული ტომოგრაფიის გარეშე შეუძლებელია, წარმოუდგენელია სწორი დიაგნოზის დასმა.

კომპიუტერული ტომოგრაფიის ძირითადი დანიშნულება

კომპიუტერული ტომოგრაფია განსაკუთრებით ეფექტურია:

  •  სხვადასხვა ტიპის ტრავმის ან ავტოავარიის დროს მიღებული შინაგანი დაზიანებების სწრაფი დიაგნოსტირებისთვის;
  •  დაავადების დიაგნოსტირებისთვის;
  •  კტ კონტროლით ხორციელდება არაერთი ქირურგიული მანიპულაცია ან სხივური თერაპია;
  •  CT გვეხმარება დავგეგმოთ მკურნალობის, ქირურგიული ან სხივური თერაპიის კურსი, მეთოდი;
  •  სასარგებლოა როგორც დიაგნოსტირებისთვის, ისე სხვადასხვა პათოლოგიური პროცესის პროგრესირების პრევენციისთვის.

რატომ ნიშნავს ექიმი კომპიუტერულ ტომოგრაფიას?

კომპიუტერული ტომოგრაფია რეკომენდებულია:

  •  კუნთისა და ძვლის დარღვევების (მაგალითად, სიმსივნე, მოტეხილობა) დიაგნოსტირებისთვის;
  •  სიმსივნის მდებარეობის, ინფექციის ან თრომბის დიაგნოსტირებისთვის;
  •  სამედიცინო პროცედურების (ქირურგიული ოპერაცია, ბიოფსია, სხივური თერაპია) დაგეგმვისა და მონიტორინგისთვის;
  •  კიბოს, გულის დაავადების, ფილტვის კვანძების, ღვიძლის დაზიანებისა და სხვა ტიპის პათოლოგიების დიაგნოსტირებისთვის,
  •  იმის გადასამოწმებლად, მონიტორინგისთვის თუ რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს დანიშნული მკურნალობის კურსი, ანუ გამოიღო თუ არა შედეგი;
  •  შინაგანი დაზიანების, ტრავმისა და შინაგანი სისხლდენის დიაგნოსტირებისთვის.

რა ტიპის შემთხვევების დროსაა მოწოდებული კტ კვლევა?

CT ტარდება როგორც გეგმიურ რეჟიმში, ისე სასწრაფო, გადაუდებელ, ანუ ურგენტულ კლინიკურ შემთხვევებში.

რომელ ორგანოებს იკვლევს რადიოლოგი კომპიუტერული ტომოგრაფიით?

კომპიუტერული ტომოგრაფია რეკომენდებულია არაერთი ორგანოს, სისტემის, პათოლოგიური პროცესის, ქრონიკული დაავადებების, მწვავე ტრავმების დიაგნოსტირებისა თუ მონიტორინგისთვის.

კტ-თი შესაძლებელია არაერთი ორგანოს სრულყოფილი გამოკვლევა, კერძოდ:

  •  ტვინი;
  •  გულმკერდის ღრუ;
  •  ღვიძლი;
  •  ელენთა;
  •  ნაღვლის ბუშტი;
  •  პანკრეასი;
  •  თირკმელზედა ჯირკვლები;
  •  ფილტვები;
  •  საშარდე სისტემა;
  •  წინამდებარე ჯირკვალი;
  •  აორტა და მისგან გამომავალი მაგისტრალური თუ პერიფერიული
  • სისხლძარღვები;
  •  ხერხემლის ძვლოვანი სეგმენტი;
  •  ზედა, ქვედა კიდურები და სხვა.

კომპიუტერული ტომოგრაფია და ორსულობა

ორსულებში მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის საკვლევი მეთოდი მაგნიტურ- რეზონანსული ტომოგრაფია ან ულტრაბგერაა.

ორსულ პაციენტებში კომპიუტერული ტომოგრაფია რეკომენდებულია მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებით, ანუ თუ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ან ულტრაბგერა არაინფორმატიულია და პაციენტის ზოგადი მდგომარეობა გადაუდებელ, ურგენტულ დიაგნოსტირებას საჭიროებს. ამ დროს კტ განიხილება როგორც მისაღები ალტერნატივა.

კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტირებით
კტ კვლევა მიმდინარეობს ან კონტრასტირებით, ან უკონტრასტოდ.

მეთოდს გადაწყვეტს მკურნალი ექიმი კონკრეტულ კლინიკურ შემთხვევაზე, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაყრდნობით.

სისხლძარღვების დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება ინტრავენური საკონტრასტო ნივთიერება, ხოლო თუ საკვლევი ობიექტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოებია პაციენტი საკონტრასტო ნივთიერებას იღებს პერორალური (წამლის მიღება, მედიკამენტის სმა პირის ღრუთი) გზით.

საკონტრასტო ნივთიერებით გაცილებით ეფექტურია სისხლძარღვების სრულფასოვანი შეფასება.

კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტირებით მოწოდებულია მაშინ, როდესაც მოცულობითი წარმონაქმნი და ჯანსაღი ქსოვილის სიმკვრივე ერთმანეთთან ახლოსაა, შესაბამისად, სტანდარტული (უკონტრასტო) კვლევისას მიღებული გამოსახულება დიაგნოსტირებისთვის საკმარისი არაა.

როგორც უკვე მოგახსენეთ, უკონტრასტო თუ კონტრასტირებით მიმდინარე კვლევის საჭიროებას ადგენს ექიმი და უნდა იხელმძღვანელოთ მედიკოსის რეკომენდაციით.

საკონტრასტო ნივთიერება და ალერგია

ძალიან იშვიათად, თუმცა საკონტრასტო ნივთიერებამ შესაძლოა გამოიწვიოს
სამედიცინო პრობლემები ან ალერგიული რეაქცია.

უმეტესად რეაქცია მსუბუქია (ვლინდება ალერგიული გამონაყარი ან ქავილი), თუმცა იშვიათ კლინიკურ შემთხვევაში შესაძლოა მწვავე, გაცილებით სერიოზული რეაქციით გამოიხატოს.

კვლევის დაწყებამდე აუცილებლად აცნობეთ რადიოლოგს თუ როდესმე გქონიათ რეაქცია საკონტრასტო ნივთიერებაზე. თუ ალერგიული ხართ, ალერგიის შესახებ აუცილებლად უნდა აცნობოთ პერსონალს - კვლევის პროცესში ერთვება ალერგოლოგი.

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

დამოკიდებულია იმაზე თუ სხეულის რომელ ნაწილს იკვლევთ.

ექიმმა შესაძლოა გთხოვოთ:

  •  ჩაიცვათ კლინიკის შესაბამისი სამოსი, პაციენტისთვის განკუთვნილი;
  •  მოგხსნათ ქამარი, სამკაული, სათვალე, პროთეზი და სხვა ისეთი ნივთი, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს დიაგნოსტირების პროცესს;
  •  კვლევამდე რამდენიმე საათით ადრე საკვების ან სასმელის მიღებისგან თავის შეკავება მოგთხოვოთ.

პროცედურის შემდეგ

CT (კტ) კვლევის შემდეგ შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს.

კონტრასტული კვლევის შემდეგ შესაძლოა მიიღოთ სპეციალური ინსტრუქცია. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა მოგიწიოთ ცოტა ხნით ადგილზე დასვენება და კლინიკა დატოვოთ მაშინ, როდესაც თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ. კვლევის
შემდგომ შესაძლოა ექიმმა დაგინიშნოთ დიდი რაოდენობით სითხის მიღება ორგანიზმიდან კონტრასტული ნივთიერების გამოდევნის მიზნით.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/tests-procedures/ct-scan/about/pac-20393675