არტერიული ჰიპერტენზია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.
მაღალი წნევა გულ-სისხლძარღვთა სისტემის ავადობისა და სიკვდილიანობის ძირითადი, წამყვანი რისკ-ფაქტორია.
არსებობს ჰიპერტენზიის ორი ტიპი პირველადი და მეორეული - განვიხილოთ უფრო დეტალურად.
პირველადი (ძირითადი, ესენციური) ჰიპერტენზია
ზრდასრულ პაციენტთა დიდ პროცენტში მაღალი არტერიული წნევის ზუსტი მიზეზი ვერ დგინდება. მაღალი წნევის ამ ტიპს პირველადი ჰიპერტენზია ეწოდება და ბევრი წლის განმავლობაში თანდათანობით ყალიბდება.
მეორეული ჰიპერტენზია
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში მაღალი არტერიული წნევა ვითარდება სხვა დაავადების გამო. მეორეული ჰიპერტენზია ჩნდება მოულოდნელად და პირველად ფორმასთან შედარებით გაცილებით მაღალი ციფრებით (მაღალი წნევა) გამოიხატება.
მეორეული ჰიპერტენზიის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:
- ძილის ობსტრუქციული აპნოე;
- თირკმლის დაავადება;
- თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე;
- ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები;
- სისხლძარღვებთან დაკავშირებული თანდაყოლილი პათოლოგიები;
- ზოგიერთი მედიკამენტი;
- ნარკოტიკი.
დიაგნოსტირება და მკურნალობა
არტერიული ჰიპერტენზიის გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირებისთვის მოწოდებულია:
- ამბულატორიული მონიტორინგი (ექიმი 24 საათის განმავლობაში დააკვირდება წნევის მაჩვენებელს);
- ლაბორატორიული ანალიზები (შარდის, სისხლის, ქოლესტეროლის ანალიზი);
- ელექტროკარდიოგრამა;
- ექოკარდიოგრამა.
მკურნალობის კურსი ინიშნება გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირების შემდეგ.
შესაძლოა საჭირო გახდეს პაციენტის ცხოვრების წესის შეცვლა, მაგალითად:
- ალკოჰოლის რაოდენობის შეზღუდვა;
- გულისთვის სასარგებლო კვების რაციონი;
- რაციონში მარილის დოზის შემცირება;
- რეგულარული ფიზიკური აქტივობა;
- ჯანსაღი, ნორმალური წონის შენარჩუნება;
- სიმსუქნის შემთხვევაში ჭარბი წონის დაკლება და სხვა.
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში საჭირო ხდება მედიკამენტური თერაპია.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/high-blood-pressure/symptoms-causes/syc-20373410