რა არის მსუბუქი კოგნიტიური შეფერხება?
მსუბუქი კოგნიტიური შეფერხება ერთგვარი საფეხური/სტადიაა ნორმალურ ასაკობრივ კოგნიტიურ შეფერხებასა და გაცილებით სერიოზულ დარღვევას, დემენციას, შორის.
მსუბუქი კოგნიტიური შეფერხების დროს ვლინდება მეხსიერებასთან, მეტყველებასთან, აზროვნებასთან თუ მსჯელობასთან დაკავშირებული პრობლემები.
როგორც წესი, პაციენტი გრძნობს მეხსიერებასთან დაკავშირებულ დარღვევას, ცვლილებებს ამჩნევენ გარშემომყოფებიც.
უმეტესად, მსუბუქი კოგნიტიური შეფერხებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ არის ძალიან მწვავე, შესაბამისად, მნიშვნელოვნად არ ფერხდება ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ტემპი. თუმცა მიუხედავად მსუბუქად გამოხატული სიმპტომატიკისა მდგომარეობა საყურადღებოა, რადგან კოგნიტიური შეფერხების გამო მნიშვნელოვნად იზრდება დემენციის ჩამოყალიბების რისკი.
მსუბუქი კოგნიტიური შეფერხების მქონე ზოგიერთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ რთულდება და უფრო მეტიც, ხშირად ფიქსირდება გამოჯანმრთელების კლინიკური შემთხვევები.
არ გამოგეპაროთ შემდეგი სიმპტომები:
- მოვლენები უფრო ხშირად გავიწყდებათ;
- გავიწყდებათ მნიშვნელოვანი შეხვედრა თუ ღონისძიება;
- საუბრის დროს, წიგნის კითხვისას ან ფილმის ყურებისას შეიძლება გაგიჭირდეთ აზრის გამოტანა;
- გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება;
- ნაცნობ გარემოში ყოფნის დროსაც კი გიჭირთ გზის გაგნება;
- მეტად იმპულსური გახდით;
- ოჯახის წევრები და მეგობრები ამჩნევენ ცვლილებებს.
მსუბუქი კოგნიტიური შეფერხების განვითარების რისკ-ფაქტორებია:
- ასაკის მატება;
- იმ სპეციფიკური გენის ფორმირება, რომელიც ალცჰაიმერის დაავადებასთანაა დაკავშირებული;
- დიაბეტი;
- თამბაქო;
- მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია);
- მაღალი ქოლესტეროლი;
- სიმსუქნე;
- არააქტიური ცხოვრების წესი;
- განათლების დაბალი დონე;
- ადამიანი იშვიათად მონაწილეობს ისეთ აქტივობებში, რომელიც მენტალური ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა ან სოციალური ურთიერთობების გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
მკურნალობა სახლის პირობებში
მაიოს კლინიკაში დანერგილია ეფექტური პროგრამა, რომელიც ამ პათოლოგიის მქონე პაციენტებსა და პაციენტის ოჯახის წევრებს, მეგობრებს გარკვეულ სტრატეგიას უსახავს - მარტივი მეთოდები დაგეხმარებათ ადაპტირებაში, მდგომარეობის მართვაში.
რეკომენდებულია:
- სახლში აუცილებლად გექნებათ არაერთი ლამაზი ნივთი, რომელსაც გარკვეული ისტორია უკავშირდება, მაგალითად, სუვენირი, რომელიც მოგზაურობის დროს შეიძინეთ, წერილი, რომელიც შვილიშვილმა ახალი წლის დღესასწაულზე გამოგიგზავნათ და სხვა. შეარჩიეთ სხვადასხვა ნივთი და გაიხსენეთ რა ვითარებაში აღმოჩნდა თქვენს ხელში;
- გადაათვალიერეთ ოჯახური ალბომი. დაახასიათეთ ფოტოსურათზე ასახული პიროვნება, გაიხსენეთ კადრის გადაღების მომენტი, ადგილი, სიტუაცია;
- მოამზადეთ გემრიელი კერძი (თუნდაც მარტივი) და სცადეთ სრულიად ახალი რეცეპტი;
- აუცილებელია ფიზიკური აქტივობა და ვარჯიშთან ერთად დრო სასიამოვნოდაც რომ გაატაროთ, იცეკვეთ საყვარელ მელოდიაზე;
- საღამოს, ძილის წინ წიგნი წაიკითხეთ;
- შეავსეთ კროსვორდი ან გონების გასავარჯიშებლად ითამაშეთ შემეცნებითი თამაშები, ფაზლი და სხვა;
- შეძლებისდაგვარად შეინარჩუნეთ სოციალური აქტივობა, მაგალითად, დაურეკეთ მეგობარს ან ნათესავს და სასიამოვნო თემაზე ისაუბრეთ;
- მეხსიერებისთვის კარგია თუ მეტად ორგანიზებული გახდებით. კონკრეტული თარიღი აღნიშნეთ კალენდარზე ან ნივთები, რომელსაც ყოველდღიურად იყენებთ, ერთსა და იმავე ადგილზე შეინახეთ.
წყარო: