რა არის ღვიძლის არაალკოჰოლური გაცხიმოვნება?
ეს არის მდგომარეობა, რომელიც ვითარდება იმ ადამიანების ორგანიზმში, რომლებიც ალკოჰოლს საერთოდ არ სვამენ ან სასმელს მცირე დოზით მოიხმარენ.
პათოლოგიური მდგომარეობა ხშირია მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში - ღვიძლის არაალკოჰოლური გაცხიმოვნება ღვიძლის ქრონიკული დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმაა.
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ღვიძლის არაალკოჰოლური გაცხიმოვნების გამო ყალიბდება ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების აგრესიული ფორმა (არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი), რომლისთვისაც დამახასიათებელია ღვიძლის ანთება და რომელიც შეიძლება პროგრესირდეს ციროზით და ღვიძლის უკმარისობით.
სიმპტომები
როგორც წესი, ღვიძლის არაალკოჰოლური გაცხიმოვნება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა თუ სიმპტომურად გამოვლინდა პაციენტი უჩივის დაღლილობასა და ტკივილს ან დისკომფორტს მუცლის ზედა მარჯვენა არეში.
ღვიძლის არაალკოჰოლური გაცხიმოვნებისა და ციროზის შესაძლო სიმპტომებია:
- მუცლის წყალმანკი, ანუ მუცლის ღრუში სითხის დაგროვება (ასციტი);
- გაფართოებული სისხლძარღვები;
- ელენთის გადიდება;
- წითელი ხელისგული;
- სიყვითლე.
ღვიძლის არაალკოჰოლური გაცხიმოვნების ზუსტი გამომწვევი მიზეზი მეცნიერებისთვის უცნობია - გაურკვეველია თუ რატომ გროვდება ცხიმი ერთი პაციენტის ღვიძლში და რატომ არ პროგრესირებს ეს დარღვევა სხვა ადამიანის ორგანიზმში.
ჯანმრთელობის ზოგიერთი პრობლემის (ჭარბწონიანობა, სიმსუქნე, ინსულინრეზისტენტობა, ჰიპერგლიკემია, სისხლში ტრიგლიცერიდების ჭარბი რაოდენობა) კომბინაცია ხელს უწყობს ღვიძლში ცხიმის დაგროვებას.
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ჭარბი ცხიმი ღვიძლის უჯრედებისთვის ტოქსინს წარმოადგენს, რაც იწვევს ღვიძლის ანთებასა და ღვიძლის არაალკოჰოლურ გაცხიმოვნებას; პათოლოგიური პროცესის პროგრესირების გამო ღვიძლის ქსოვილი ნაწიბურდება.
რისკ-ფაქტორებია:
- მაღალი ქოლესტერინი;
- სისხლში ტრიგლიცერიდების ჭარბი რაოდენობა;
- მეტაბოლური სინდრომი;
- სიმსუქნე (განსაკუთრებით საშიშია ცხიმი მუცლის არეში);
- პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი;
- ძილის აპნოე;
- დიაბეტი ტიპი 2;
- ჰიპოთირეოზი;
- ჰიპოპიტუიტარიზმი;
- ხანდაზმული ასაკი.
წყარო: