რა არის ნაწოლები?
ნაწოლი კანისა და რბილი ქსოვილების დაზიანებაა, რომელიც ხანგრძლივი, ერთგვაროვანი ზეწოლის შედეგად ვითარდება. იგი სხვადასხვა სიმძიმისაა - კანის უმნიშვნელო შეწითლებიდან ღრმა წყლულებამდე, რომელიც ძვლამდეც კი აღწევს.
სხეულის რომელიმე არეზე მუდმივი ზეწოლის გამო მცირდება სისხლის, შესაბამისად, ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიწოდება, რაც საბოლოოდ კანისა და მის ქვეშ მდებარე ქსოვილების თანდათანობით დაღუპვას/განადგურებას იწვევს.
ნაწოლი ხშირად ჩნდება იმ კანზე, რომელიც სხეულის ძვლოვან არეს ფარავს (მაგალითად, ქუსლი, კოჭი, თეძო, კუდუსუნი).
ნაწოლი ხშირად აწუხებთ იმ პაციენტებს, რომლებიც ჯანმრთელობის პრობლემის გამო დღის დიდ მონაკვეთს ლოგინში ან სავარძელში ატარებენ, ან უჭირთ სხეულის პოზის შეცვლა.
ნაწოლი შესაძლოა განვითარდეს რამდენიმე საათის თუ დღის განმავლობაში. უმეტესად, ნაწოლის მკურნალობა შესაძლებელია, თუმცა ზოგჯერ სრული შეხორცება ვერ ხერხდება.
პრევენცია
ნაწოლების თავიდან არიდება შესაძლებელია სხეულის პოზის ხშირი შეცვლით - კანს სტრესი უნდა მოარიდოთ.
მოწოდებულია კანზე ზრუნვა, ჯანსაღი კვების რაციონი და სითხის მიღება. დაუშვებელია თამბაქო. შეეცადეთ მართოთ სტრესი, შეძლებისდაგვარად ფიზიკურად დაიტვირთოთ.
თუ პაციენტი გარკვეული მდგომარეობის გამო დიდ დროს ატარებს ლოგინში ან სავარძელში:
- პაციენტს შეუცვალეთ პოზა საათში ერთხელ;
- შეძლებისდაგვარად (თუ შესაძლებელია) აზიდეთ სხეული მაღლა რამდენიმე წუთის განმავლობაში;
- სასურველია შეიძინოთ ისეთი სავარძელი, რომელიც იცვლის დაქანების კუთხეს. მსგავსი სპეციალიზირებული ეტლებით ზეწოლის შემსუბუქებაა შესაძლებელი;
- უნდა შეირჩეს ისეთი მატრასი და ბალიში, რომელიც პაციენტს დისკომფორტს არ შეუქმნის და სხეული კარგ პოზაში იქნება;
- არ გამოიყენოთ ე.წ. კისრის ბალიშის მსგავსი ბალიშები (doughnut cushions), რადგან ამ შემთხვევაში შესაძლებელია ზეწოლა მოხდეს ქსოვილებზე;
- სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად შეასრულეთ ნებისმიერი ტიპის მოქმედება, რომელიც ფიზიკურად დაგტვირთავთ (თუნდაც მწოლიარე მდგომარეობაში). გაიარეთ ფიზიოთერაპევტის კონსულტაცია. მედიკოსი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეარჩევს ყველაზე შესაფერის პოზიციას;
- თუ ლოგინი საშუალებას გაძლევთ საწოლის თავი ასწიეთ, თუმცა თავი არ უნდა აიწიოს 30 გრადუსზე მეტად;
- იზრუნეთ პაციენტის კანის სისუფთავესა და სიმშრალეზე, დაბანის შემდეგ წაუსვით დამატენიანებელი კრემი;
- ხშირად გამოუცვალეთ თეთრეული და სამოსი;
- კარგად დაათვალიერეთ პაციენტის კანი და ნებისმიერი სიმპტომის (ნაწოლისთვის დამახასიათებელი) გამოვლენისთანავე დაუკავშირდით ექიმს.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/bed-sores/symptoms-causes/syc-20355893