დაბალ არტერიულ წნევას სამედიცინო ენაზე ჰიპოტენზია ეწოდება.
ჰიპოტენზია ზოგიერთ ადამიანს დისკომფორტს არ უქმნის. თუმცა ბევრ კლინიკურ შემთხვევაში დაბალი არტერიული წნევა იწვევს თავბრუსხვევასა და გულის წასვლას. მწვავე კლინიკურ შემთხვევაში ჰიპოტენზია სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას წარმოადგენს.
ჰიპოტენზიის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს როგორც გაუწყლოება, ისე ჯანმრთელობის სხვა სერიოზული დარღვევა.
აუცილებელია ზუსტი დიაგნოსტირება, შესაბამისად, გამომწვევი მიზეზის დადგენისას ადეკვატური მკურნალობის კურსის დანიშვნა.
სიმპტომები
ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში დაბალი არტერიული წნევა ჯანმრთელობის პრობლემის ნიშანია და განსაკუთრებით მაშინ თუ წნევა მოულოდნელად ეცემა ან თან ახლავს შემდეგი სიმპტომები:
- თავბრუსხვევა ან გულის წასვლის შეგრძნება;
- გონების დაკარგვა;
- ბუნდოვანი მხედველობა;
- გულისრევა;
- დაღლილობა;
- კონცენტრაციის უნარის დაქვეითება.
შოკი
მწვავე ჰიპოტენზია შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობად იქცეს.
საყურადღებო სიმპტომებია:
- დაბნეულობა (განსაკუთრებით ხანდაზმულებში);
- ცივი, ფერმკრთალი, ერთგვარი წებოვანი კანი;
- სწრაფი, ზედაპირული სუნთქვა;
- სუსტი და სწრაფი პულსი.
როდის მივმართოთ ექიმს?
შოკის სიმპტომების გამოვლენისთანავე გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება.
თუ ხშირად გაქვთ დაბალი არტერიული წნევა, თუმცა თავს კარგად გრძნობთ, თავის დაზღვევის მიზნით, მაინც რეკომენდებულია მიმართოთ ექიმს და დაადგინოთ გამომწვევი მიზეზი.
მსუბუქი თავბრუსხვევა იმ შემთხვევაშია ნორმალური თუ გამოწვეულია მსუბუქი დეჰიდრატაციით (როცა დიდ დროს ატარებთ სიცხეში, მზის გულზე).
ნებისმიერ შემთხვევაში დაბალი არტერიული წნევით გამოწვეული სიმპტომები საყურადღებოა - შესაძლოა ამ ნიშნებით ორგანიზმი რომელიმე სერიოზულ დაავადებაზე გაფრთხილებდეთ.
გართულებული კლინიკური შემთხვევა
ჰიპოტენზიის მსუბუქი ფორმის დროსაც კი შეიძლება გამოვლინდეს პრობლემები, მაგალითად, თავბრუსხვევის, სისუსტის ან გონების დაკარგვის გამო მნიშვნელოვნად იზრდება სხვადასხვა ტრავმის რისკი.
მწვავე კლინიკურ შემთხვევებში შესაძლოა დაზიანდეს გული და ტვინი.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/low-blood-pressure/symptoms-causes/syc-20355465