რომელ დაავადებაზე მიგანიშნებთ ორგანიზმი?
გულძმარვა არის წვის შეგრძნება და ტკივილი გულმკერდის არეში, მკერდის ძვლის უკან.
ჩვეულებრივ, გულძმარვით ავადობის დროს პაციენტს ტკივილი უმძაფრდება საკვების მიღების შემდეგ ან როცა იხრება თუ წვება.
დისკომფორტი, რომელსაც გრძნობთ, გამოწვეულია კუჭის მჟავა შიგთავსით საყლაპავის გაღიზიანების გამო.
გულძმარვის სიმპტომებია:
- მწველი ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც აღმოცენდება ჭამის შემდეგ და შესაძლოა ღამით;
- ტკივილი, რომელიც მწვავდება დაწოლისას ან გადახრისას;
- მჟავე ან მწარე გემო პირის ღრუში.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, იშვიათად აღმოცენებული გულძმარვა საშიში არაა და მსგავს კლინიკურ შემთხვევაში კვების რაციონის შეცვლაც კი საკმარისია ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
თუმცა აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს შემდეგი სიმპტომების შემთხვევაში:
- გულძმარვა გაწუხებთ კვირაში ორჯერ ან მეტჯერ;
- თვითნებურად (ურეცეპტოდ) მიიღეთ მედიკამენტი და წამლის მიღების მიუხედავად სიმპტომები არ შემსუბუქდა;
- გიჭირთ ყლაპვა;
- მუდმივად გაქვთ გულისრევის შეგრძნება ან გაღებინებთ;
- უმადობის თუ მადის დაქვეითების გამო წონა დაიკელით.
გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ პაციენტი უჩივის გულმკერდის ძლიერ ტკივილს ან ერთგვარი ზეწოლის შეგრძნებას, რომელსაც თან ახლავს სხვა სიმპტომებიც (სუნთქვის უკმარისობა, ტკივილი ყბის ან მხრის არეში); გულმკერდის არეში არსებული ტკივილი შესაძლოა ინფარქტის ნიშანი იყოს - გულის შეტევის დროს ყოველი წუთი გადამწყვეტია.
პრევენცია
გარკვეული მეთოდებით გულძმარვისგან თავის არიდებაა შესაძლებელი, რეკომენდებულია:
- უარი თქვით თამბაქოზე;
- მოერიდეთ ღამით ჭამას;
- ჭამის შემდეგ მაშინვე არ წახვიდეთ დასაძინებლად (სასურველია დაძინებამდე 2-3 საათით ადრე მიირთვათ);
- საჭმლის მომნელებელი სისტემის სათანადოდ ფუნქციონირებას თავად უნდა შეუწყოთ ხელი - დღის განმავლობაში ხშირად დალიეთ წყალი;
- ჭამის შემდეგ დაღეჭეთ საღეჭი რეზინი. საღეჭი რეზინი ხელს უწყობს ნერწყვის წარმოქმნას;
- მიირთვით ჯანსაღი პროდუქტები;
- სასურველია მოერიდოთ შემდეგ საკვებს: ცხარე კერძს, ხახვს, ციტრუსს, პომიდვრის საწებელს ან პომიდვრით მომზადებულ ნებისმიერ პროდუქციას, ცხიმიან და შემწვარ პროდუქტებს, შოკოლადს, პიტნას;
- მაქსიმალურად შეზღუდეთ ყავა და კოფეინის შემცველი ნებისმიერი სასმელი, ტკბილი და გაზიანი სასმელი, ალკოჰოლი;
- აკონტროლეთ წონა. ყოველი ზედმეტი კილოგრამი გულძმარვის განვითარების წინაპირობაა;
- მოერიდეთ ისეთ აქსესუარებს ან სამოსს, რომელიც წელის არეში მოტკეცილი გექნებათ და დისკომფორტს შეგიქმნით.
მოგეხსენებათ, ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.
თუმცა ვიდრე ვარჯიშს დაიწყებთ, გთხოვთ, გაითვალისწინეთ შემდეგი:
- ჭამის შემდეგ მინიმუმ 1 საათი არაა სასურველი ვარჯიში;
- ვარჯიშამდე არ მიიღოთ ისეთი საკვები ან სასმელი, რომელიც გულძმარვის განვითარებას უწყობს ხელს;
- ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია, თუმცა ზოგჯერ ძლიერი ფიზიკური დატვირთვა გულძმარვის განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. უმჯობესია შეარჩიოთ ისეთი ფიზიკური დატვირთვა, რომელიც დისკომფორტისგან დაგიცავთ. სასურველია ველოსიპედით ან ფეხით ისეირნოთ, ან ცურვას მიანიჭოთ უპირატესობა.
წყარო:
https://www.verywellhealth.com/learn-how-to-prevent-heartburn-1742854#citation-4
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/heartburn/symptoms-causes/syc-20373223