საყურადღებო მდგომარეობა!
ალბათ, ერთხელ მაინც გაგიგონიათ გული გატეხილი მაქვსო - კარდიოლოგიაში ეს პათოლოგიური მდგომარეობა გატეხილი გულის სინდრომითაა ცნობილი. სამედიცინო ლიტერატურაში სინდრომი შესაძლოა შეგხვდეთ სტრეს-კარდიომიოპათიის, ასევე ტაკოცუბო კარდიომიოპათიის სახელწოდებითაც.
კარდიოლოგთა განმარტებით, სინდრომის განვითარებას ხელს უწყობს ძლიერი სტრესი და ემოცია; შესაძლოა ჩამოყალიბდეს ფიზიკური დაავადების თუ ქირურგიული ოპერაციის ფონზეც.
გატეხილი გულის სინდრომი იმდენად მწვავე სიმპტომებით მიმდინარეობს, რომ პაციენტს შეიძლება ეგონოს ინფარქტი აქვს. რეალურად ამ დროს პაციენტის ორგანიზმში დროებითაა დარღვეული გულის ნორმალური ტუმბვის ფუნქცია, ხოლო აღნიშნული ორგანოს დანარჩენი ფუნქციური ნაწილი ნორმალურად მოქმედებს.
გატეხილი გულის სინდრომის სიმპტომების მართვა შესაძლებელია და მდგომარეობა, როგორც წესი, რამდენიმე დღეში თუ კვირაში უმჯობესდება.
სიმპტომები
გატეხილი გულის სინდრომისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა ძალიან ჰგავს გულის შეტევის (ინფარქტი) ნიშნებს.
სინდრომის ნიშნებია:
- ტკივილი გულმკერდის არეში;
- სუნთქვის უკმარისობა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გულმკერდის ტკივილი შესაძლოა გულის შეტევის ნიშანი იყოს და სწორედ ამიტომ გულმკერდის არეში გამოხატული ნებისმიერი დისკომფორტის დროს გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება, არ დაკარგოთ დრო!
გამომწვევი მიზეზი
გატეხილი გულის სინდრომის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია.
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, სტრესული ჰორმონი (მაგალითად, ადრენალინი) ზოგიერთი ადამიანის გულს დროებით აზიანებს. ჰორმონების მიერ გულის დაზიანების მოქმედების მექანიზმი უცნობია.
პათოლოგიური მდგომარეობა უმეტესად ყალიბდება ძლიერი ფიზიკური ან ემოციური სტრესის გამო.
შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:
- საყვარელი ადამიანის გარდაცვალება;
- სამედიცინო დიაგნოზის გაგება;
- ოჯახური ძალადობა;
- დიდი ფულის დაკარგვა ან მოგება;
- ძლიერი ჩხუბი, კამათი;
- მოულოდნელი წვეულება;
- საჯაროდ სიტყვით გამოსვლა;
- სამსახურის დაკარგვა ან ფინანსური პრობლემები;
- განქორწინება;
- ფიზიკური სტრეს-ფაქტორები (ასთმური შეტევა, კორონავირუსი, ძვლის მოტეხილობა, სერიოზული ქირურგიული ოპერაცია და სხვა).
შესაძლოა სინდრომი განვითარდეს ზოგიერთი მედიკამენტის გამოც.
რისკ-ფაქტორებია:
- სქესი (ქალები უფრო ხშირად ავადობენ);
- ასაკი (უფრო ხშირია 50 წელს გადაცილებულ პირებში);
- სამედიცინო ისტორიაში ნევროლოგიური დაავადებების არსებობა;
- კონკრეტულ ვითარებაში მიმდინარე ან წარსულში გადატანილი ფსიქოლოგიური დარღვევა (მაგალითად, დეპრესია, შფოთვა).
იშვიათ კლინიკურ შემთხვევებში გატეხილი გულის სინდრომი ფატალურად სრულდება, თუმცა უმეტესად პაციენტი ამ სინდრომისგან სწრაფად თავისუფლდება - როგორც წესი, გატეხილი გულის სინდრომი ჯანმრთელობაზე ხანგრძლივ ეფექტს არ ტოვებს.
გართულებული კლინიკური შემთხვევა
გატეხილი გულის სინდრომი შესაძლოა გართულდეს შემდეგი მდგომარეობებით:
- ფილტვის შეშუპება;
- დაბალი არტერიული წნევა;
- ნორმალური გულისცემის დარღვევა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/broken-heart-syndrome/symptoms-causes/syc-20354617