დაავადება, რომლის გამოც ჭარბი რაოდენობით გამომუშავდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები

დაავადება, რომლის გამოც ჭარბი რაოდენობით გამომუშავდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები

რა არის გრეივსის დაავადება?

გრეივსის დაავადება არის იმუნური სისტემის დარღვევა, რომლის დროსაც ჭარბი რაოდენობით გამომუშავდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები (ჰიპერთირეოზი).

ჰიპერთირეოზის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს სხვადასხვა მიზეზი, თუმცა ყველაზე ხშირი და გავრცელებული გამომწვევია გრეივსის დაავადება.

დაავადება შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა განსაკუთრებით ხშირია 40 წლამდე ასაკის ახალგაზრდა პირებში. დიაგნოზით ქალები უფრო ხშირად ავადობენ.

მკურნალობის ძირითადი მიზანია დაქვეითდეს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჭარბად გამომუშავების პროცესი და შემსუბუქდეს სიმპტომების სიმწვავე.

სიმპტომები

გრეივსის დაავადების სიმპტომებია:

  • შფოთვა და გაღიზიანება;
  • ხელების კანკალი;
  • სიცხის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
  • ნორმალური კვების რეჟიმის მიუხედავად წონის კლება;
  • ჩიყვი;
  • გახშირებული კუჭის მოქმედება;
  • თვალების წინ წამოწევა;
  • დაღლილობა;
  • სქელი, შეწითლებული კანი;
  • სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა;
  • ძილის დარღვევა;
  • მენსტრუალური ციკლის ცვლილება.

გრეივსის ოფთალმოპათია (თვალების დაავადება)

გრეივსის დაავადებით მოავადე პაციენტების 30%-ს დროთა განმავლობაში უვლინდება გრეივსის ოფთალმოპათიისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა.

ამ მდგომარეობისასზიანდება თვალის გარშემო არსებული კუნთები და სხვა ქსოვილები.

გრეივსის ოფთალმოპათიის სიმპტომებია:

  • თვალების წინ წამოწევა;
  • თვალებში ქვიშის შეგრძნება;
  • წნევა ან ტკივილი თვალების არეში;
  • შეშუპებული ან უკან წაწეული ქუთუთოები;
  • შეწითლებული ან ანთებითი თვალები;
  • სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
  • გაორებული მხედველობა;
  • მხედველობის დაკარგვა.

გრეივსის დერმოპათია (კანის დაავადება)

იშვიათ კლინიკურ შემთხვევებში ვითარდება გრეივსის დერმოპათია, რომლის ძირითადი სიმპტომია კანის სიწითლე და შესქელება (როგორც წესი, წვივებზე, ტერფზე).

მედიკოსთა განმარტებით, გრეივსის დაავადებას იწვევს იმუნური სისტემის პათოლოგია, თუმცა დარღვევის განვითარების კონკრეტული მიზეზი დღემდე უცნობია.

ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირების დროს იმუნური სისტემა გამოიმუშავებს ანტისხეულებს და ამ ანტისხეულებით ებრძვის სპეციფიკურ ბაქტერიას, ვირუსსა თუ სხვა უცხო სხეულებს. გრეივსის დაავადების დროს გაურკვეველი მიზეზით იმუნური სისტემა წარმოქმნის ანტისხეულებს, რომელიც დაცვის/ზრუნვის ნაცვლად შეცდომით ვნებს ფარისებრი ჯირკვლის უჯრედებს.

იმუნური სისტემის დარღვევის გამო ჭარბი რაოდენობით გამომუშავდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები (ჰიპერთირეოზი).

გრეივსის დაავადებისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა რისკ-ფაქტორებს განეკუთვნება:

  • ოჯახური ანამნეზი;
  • სქესი (ქალები უფრო ხშირად ავადდებიან);
  • ასაკი (დიაგნოზი ხშირია 40 წლამდე ასაკის პაციენტებში);
  • სამედიცინო ისტორიაში სხვა ავტოიმუნური დარღვევის არსებობა (მაგალითად, დიაბეტი ტიპი 1 ან რევმატოიდული ართრიტი);
  • ემოციური ან ფიზიკური სტრესი;
  • ორსულობა;
  • თამბაქო.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/graves-disease/symptoms-causes/syc-20356240