როცა პანკრეასში ან თორმეტგოჯა ნაწლავში ერთი ან მეტი სიმსივნე წარმოიქმნება

როცა პანკრეასში ან თორმეტგოჯა ნაწლავში ერთი ან მეტი სიმსივნე წარმოიქმნება

რა არის ზოლინგერ-ელისონის სინდრომი?

ზოლინგერ-ელისონის სინდრომი იშვიათი პათოლოგიაა, რომლის დროსაც ერთი ან მეტი სიმსივნე ფორმირდება/წარმოიქმნება პანკრეასში ან თორმეტგოჯა ნაწლავში. ამ ტიპის სიმსივნეს ეწოდება გასტრინომა.

ჰორმონ გასტრინის ჭარბი გამოყოფის გამო კუჭში დიდი რაოდენობით მჟავა წარმოიქმნება. ჭარბი მოცულობის მჟავა იწვევს პეპტიკურ წყლულს, დიარეასა და სხვა სიმპტომებს.

დიაგნოზი ხშირია 20-დან 60 წლამდე ასაკის პაციენტებში.

ზოლინგერ-ელისონის სინდრომის მკურნალობისთვის მოწოდებულია მედიკამენტური თერაპია - მედიკამენტებით კუჭის მჟავის შემცირება და წყლულის განკურნებაა შესაძლებელი.

სიმპტომები

სინდრომისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • მუცლის ტკივილი;
  • დიარეა;
  • წვის, ტკივილის შეგრძნება და დისკომფორტი მუცლის ზედა არეში;
  • მჟავა რეფლუქსი და გულძმარვა;
  • ბოყინი;
  • გულისრევა და ღებინება;
  • საჭმლის მომნელებელ ტრაქტში სისხლდენა;
  • უმიზეზოდ წონის კლება;
  • დაქვეითებული მადა.

გამომწვევი მიზეზი

სინდრომის ზუსტი გამომწვევი მიზეზი დღემდე უცნობია, თუმცა პათოლოგიის ჩამოყალიბების თანმიმდევრობა და საბოლოო შედეგი ნათელია, კერძოდ, ზოლინგერ-ელისონის სინდრომი იწყება მაშინ, როდესაც ერთი ან მეტი სიმსივნე (გასტრინომა) ფორმირდება პანკრეასში ან თორმეტგოჯა ნაწლავში, ან პანკრეასის მოსაზღვრე ლიმფურ კვანძებში.

სინდრომის დროს ფორმირებული სიმსივნეები შედგება იმ უჯრედებისგან, რომელიც დიდი რაოდენობით ჰორმონ გასტრინს გამოყოფს. გასტრინის მოჭარბებული რაოდენობა კუჭს აიძულებს გაცილებით მეტი მჟავა გამოიმუშაოს. ჭარბი მჟავა იწვევს პეპტიკურ წყლულსა და ზოგჯერ დიარეას.

სიმსივნე ხშირად ავთვისებიანია. სიმსივნე ნელა იზრდება, თუმცა კიბოს ყველგან გავრცელება შეუძლია და უფრო ხშირად ახლომდებარე ლიმფურ კვანძებსა თუ ღვიძლში გავრცელება ახასიათებს.

აღსანიშნავია, რომ ზოლინგერ-ელისონის სინდრომი შესაძლოა გამოწვეული იყოს მემკვიდრეობითი მდგომარეობით, რომელიც ცნობილია მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზია ტიპი ერთის სახელწოდებით.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/zollinger-ellison-syndrome/symptoms-causes/syc-20379042