რა არის აგორაფობია?
აგორაფობია შფოთვითი დარღვევის ტიპია. შფოთვითი აშლილობის ამ ფორმის გამო ადამიანს აქვს გარკვეულ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნის შიში - პაციენტი მაქსიმალურად ერიდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს.
აგორაფობიით დაავადებული კონკრეტულ სიტუაციაში თავს გრძნობს როგორც „ხაფანგში“, ეუფლება უიმედობის ან უხერხულობის განცდა.
შფოთვითი დარღვევის დროს პირს უჭირს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, სასურველი ნივთის შესაძენად რიგში დგომა, ღია ან დახურულ სივრცეში ყოფნა, ხალხის დიდ მასაში მოხვედრა და სხვა.
პაციენტშიშფოთვას იწვევს შიში, რომ ვერ იპოვნის გაქცევის მარტივ გზას ან შეტევის დროს გარშემო ვერავინ დაეხმარება. ადამიანების უმეტესობას აგორაფობიის ჩამოყალიბებამდე ჰქონია ერთი ან რამდენიმე პანიკური შეტევა. სწორედ ამიტომ ბევრ პაციენტს შეტევის ხელახალი განვითარების ეშინია და მაქსიმალურად ერიდება ისეთ ადგილს, სადაც ეს შეიძლება ისევ მოხდეს.
აგორაფობიის მქონე ადამიანი თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. შეიძლება უნდოდეს, რომ ხალხმრავალ ადგილას ვიზიტის შემთხვევაში გვერდით ჰყავდეს ახლო ნათესავი ან მეგობარი. შიში იმდენად ძლიერია, რომ ადამიანიშესაძლოა უარს ამბობდეს სახლიდან გასვლაზეც კი.
მკურნალობის მთავარი მიზანია პირმა შიშის მართვა ისწავლოს. ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად მოწოდებულია ფსიქოთერაპია და გარკვეული მედიკამენტები.
სიმპტომები
აგორაფობიის ტიპიური სიმპტომებია:
- სახლიდან მარტო გასვლის შიში;
- ხალხის მასაში ან რიგში ყოფნის შიში;
- დახურულ და ღია სივრცეში ყოფნის შიში (მაგალითად, კინოთეატრი, ლიფტი, პატარა მაღაზია, ხიდი, მოლი და სხვა);
- საზოგადოებრივი ტრანსპორტით (ავტობუსი, მეტრო ან თვითმფრინავი) მგზავრობის შიში.
ზოგიერთ ადამიანს აგორაფობიასთან ერთად აქვს პანიკური აშლილობაც.
გამომწვევი მიზეზი
ბიოლოგია (მოიცავს როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობას, ისე გენეტიკას), ტემპერამენტი, სტრესული სიტუაცია და გამოცდილება შესაძლოა იყოს გამომწვევი მიზეზი.
რისკ-ფაქტორებს განეკუთვნება:
- სამედიცინო ისტორიაში პანიკური შეტევის ან სხვა ფობიის არსებობა;
- პანიკურ შეტევაზე გადაჭარბებული საპასუხო რეაქცია;
- ცხოვრებაში გადატანილი ძლიერი სტრესი;
- ხასიათში შფოთვა ან ნერვიულობა;
- აგორაფობიის ოჯახური ანამნეზი.
აგორაფობია უარყოფითად აისახება ყოველდღიური ცხოვრების ტემპზე.
მწვავე ფორმის დროს ადამიანი უარს აცხადებს სახლიდან გასვლაზე. აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტს, რადგან არანამკურნალებელ შემთხვევაში ზოგიერთი ადამიანი წლების განმავლობაში სახლს არის მიჯაჭვული და გარშემომყოფების დახმარებაზეა დამოკიდებული.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/agoraphobia/symptoms-causes/syc-20355987