სიმღერა ფილტვების ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა

სიმღერა ფილტვების ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა

იცოდით, რომ როცა მღერით თქვენი ფილტვი ვარჯიშობს?

დიახ, ფილტვისთვის სიმღერა ფიზიკური აქტივობის ერთ-ერთი ფორმაა. როცა მღერით ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის პროცესი აქტიურდება, დიაფრაგმაც უფრო იტვირთება, უკეთ მუშაობს.

სიმღერისას ამოსუნთქვის დრო მეტად ხანგრძლივდება; ჩათვალეთ, რომ ერთდროულად სწორად სუნთქავთ და სიამოვნებასაც განიცდით, ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონები გამომუშავდება.

სიმღერა ღრმა სუნთქვას და რესპირატორული სისტემის კუნთების მოქმედებას საჭიროებს და სწორედ ამიტომ შეგვიძლია ფილტვის ზოგიერთი მდგომარეობის მართვისთვის სასარგებლო მეთოდად ჩავთვალოთ.

სხვადასხვა სამეცნიერო კვლევაში მითითებულია, რომ სუნთქვით ტექნიკას, რომელიც სიმღერის დროს გამოიყენება, ეფექტური გავლენა აქვს ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დარღვევის, ასთმის, ცისტური ფიბროზის, გაფანტული სკლეროზისა და სხვა დაავადებების მქონე პირების ორგანიზმზე. რასაკვირველია, სიმღერით ამ პათოლოგიების მკურნალობა შეუძლებელია, თუმცა შესაძლოა რესპირატორული კუნთების გაძლიერებაზე ჰქონდეს დადებითი ეფექტი.

სიმღერის დროს სისხლში ჟანგბადის რაოდენობა იზრდება.

სიმღერის ერთ-ერთი მთავარი ბონუსი დადებითი განწყობაა - მოგეხსენებათ, პოზიტიური გუნება-განწყობილება აუცილებელია როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.

როგორც უკვე მოგახსენეთ, სიმღერა აუმჯობესებს ფილტვის ფუნქციონირებას, თუმცა მხოლოდ ამ ორგანოზე არ ზრუნავს.

სიმღერის სხვა სასარგებლო თვისებებია:

  • ამცირებს სტრესს;
  • აუმჯობესებს იმუნიტეტს;
  • ზოგიერთი მეცნიერის აზრით, შესაძლოა გააუმჯობესოს იმ ადამიანის მდგომარეობა, რომელიც ხვრინავს;
  • დადებითი ეფექტი აქვს დემენციის მქონე პაციენტების მეხსიერებაზე. რამდენიმე სამეცნიერო ექსპერიმენტის დროს გამოიკვეთა, რომ ალცჰაიმერისა და დემენციის მქონე პაციენტები უფრო მარტივად იხსენებდნენ სიმღერის ტექსტს, ვიდრე სხვა სიტყვებს. უფრო მეტიც, ნაცნობმა მელოდიამ კვლევის მონაწილეებს წარსულის ზოგიერთი მოგონება გაახსენა - მკურნალმა ექიმებმა დაადასტურეს, რომ ახალგაზრდობაში ნასწავლი სიმღერის ხელახლა მოსმენისას პაციენტების გონებაში სპონტანურად ამოტივტივდა ავტობიოგრაფიული დეტალები;
  • სასარგებლოა მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად.

 

წყარო:

https://www.healthline.com/health/benefits-of-singing