აკნე კანის ცხიმოვანი ჯირკვლების ანთებითი დაავადებაა.
აკნე არის მდგომარეობა, როდესაც თმის ფოლიკულა ცხიმითა და კანის მკვდარი უჯრედებით იხშობა.
ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც ადამიანი აკნეს დროს უშვებს, თვითმკურნალობაა! როგორც არ უნდა შეეცადოთ სახლის პირობებში ვერ დაიცავთ ჰიგიენის შესაბამის წესს და უფრო მეტიც, სახის სხვადასხვა არეში ინფექციის გავრცელებას შეუწყობთ ხელს.
მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა ბევრი პაციენტი მაინც მუწუკის ამორწყვას (მექანიკური გაღიზიანება) ამჯობინებს. გახსოვდეთ, სახის არეში ვენებს არ აქვთ სარქველები, შესაბამისად, თავის ტვინში ინფექციის გავრცელების რისკი საკმაოდ მაღალია.
აკნე არ არის მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა, შესაძლოა გამონაყარი ორგანიზმში მიმდინარე გარკვეული პროცესის გამო გამოვლინდეს. სწორედ ამიტომ მხოლოდ ზედაპირული მკურნალობა (მაგალითად, კრემი და სხვა) შედეგს არ მოგცემთ.
პირველ რიგში უნდა დადგინდეს გამომწვევი მიზეზი - ზოგჯერ თუნდაც კვების რაციონის მოწესრიგებაც კი საკმარისია!
ერთია აკნეს მკურნალობა და მეორე აკნესგან დარჩენილი ნაწიბურები.
აღსანიშნავია, რომ ძირითადად, ორგანიზმის თავისებურებაზეა დამოკიდებული თუ რა სახის ნაწიბური განვითარდება.
დღეს შესაბამის კლინიკებში (სადაც ფუნქციონირებს დერმატოლოგიური დეპარტამენტი, დერმატოლოგიური განყოფილება) აკნეს შემდგომი ნაწიბურის მოცილების რამდენიმე მეთოდია დანერგილი და განსაკუთრებით ეფექტურია ნაწიბურების მკურნალობა ლაზერის მეშვეობით.
როგორც უკვე მოგახსენეთ, არსებობს რამდენიმე პროცედურა და დერმატოლოგი შესაბამის მეთოდს თქვენი კანის ტიპის, ნაწიბურის მოცულობის შესაბამისად შეარჩევს.
ლაზერის გარდა მოწოდებულია ქიმიური პილინგი, ინექცია, ფილერი და სხვა.
ზოგჯერ აკნე იმდენად მსუბუქი ფორმითაა გამოხატული, რომ ნაწიბურები არ რჩება ან იმდენად შეუმჩნეველია პირს დისკომფორტს არ უქმნის.
სახლის პირობებში ნაწიბურების გაუფერულებისთვის ადამიანები იყენებენ: ქოქოსის ზეთს, ალოე ვერას გელს, საცხობ სოდას, ლიმონის წვენს, თაფლს. თუმცა გთხოვთ, გაითვალისწინოთ და გამოიჩინოთ სიფრთხილე - როგორი ბუნებრივი საშუალებაც არ უნდა იყოს, წინასწარ ვერავინ გეტყვით როგორი რეაქცია ექნება სახის კანს ამა თუ იმ საშუალებაზე. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში ეს მეთოდები პოპულარულია, ბუნებრივი საშუალებების მიმართ სამეცნიერო კვლევა თუ ექსპერტთა მოსაზრება, უცნობია. არათუ სარგებელი, ზოგიერთი ამ საშუალების გამო სავსებით შესაძლებელია განვითარდეს კანის გაღიზიანება და სხვა უფრო სერიოზული პრობლემები.
ნაწიბურებიც ხშირად სწორედ არასწორი მკურნალობის (თვითმკურნალობის) შედეგია. როგორც წესი, დერმატოლოგს პაციენტები უკვე შორსწასული, გამწვავებული მდგომარეობით მიმართავენ.
შეიძლება გარკვეული მეთოდი შემოგთავაზოთ მეგობარმაც, თუმცა ექსპერიმენტის ჩატარებას არ გირჩევთ, რადგან თუ ეს მეთოდი ერთ კლინიკურ შემთხვევაში სასარგებლოა, თქვენი კანისთვის შესაძლოა მავნებელი აღმოჩნდეს.
სახის კანზე ზრუნვა უნდა ანდოთ მხოლოდ ექიმს, შესაბამისად, გაითვალისწინოთ უშუალოდ თქვენთვის შერჩეული მკურნალობის კურსი.
წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/324784#home-remedies