რა არის წითელა?
წითელა ვირუსით გამოწვეული ბავშვთა ინფექციაა.
მიუხედავად იმისა, რომ ხშირი ინფექციაა, წითელას პრევენცია შესაძლებელია ვაქცინით.
წითელა შესაძლოა მძიმედ, მწვავედ მიმდინარეობდეს და მცირეწლოვან ასაკში კლინიკური შემთხვევა ფატალურადაც კი დასრულდეს.
ვაქცინაციის მეშვეობით, მსოფლიოს მასშტაბით, წითელას შემთხვევები საგრძნობლად შემცირებულია.
სიმპტომები
ვირუსთან კონტაქტის შემდგომ წითელასთვის დამახასიათებელი ნიშნები და სიმპტომები 10-14 დღის შემდეგ იჩენს თავს.
წითელას სიმპტომებია:
- სიცხე;
- მშრალი ხველა;
- სურდო;
- ყელის ტკივილი;
- კონიუნქტივიტი;
- წითელ ფონზე პატარა ზომის თეთრი ლაქები მოლურჯო-მოთეთრო ცენტრით, რომელიც როგორც წესი, ვითარდება პირის ღრუსა და ლოყის შიდა ნაწილში. მას კოპლიკის ლაქები ეწოდება;
- გამონაყარი, რომელიც არის დიდი ზომის, ბრტყელი და ხშირად შეზრდილია ერთმანეთთან.
ინფექცია და საინკუბაციო პერიოდი
ინფექციის შეყრიდან პირველი 10-14 დღე ინკუბაციური პერიოდია. ამ ეტაპზე პაციენტს არ უვითარდება სიმპტომები.
არასპეციფიკური ნიშნები და სიმპტომები
როგორც წესი, წითელა ვლინდება მსუბუქი ან საშუალო ინტენსივობის სიცხით.
სიცხეს ხშირად თან ახლავს მუდმივი ხველა, ცხვირიდან გამონადენი, კონიუნქტივიტი და ყელის ტკივილი. ამ ტიპის მსუბუქი ავადმყოფობა გრძელდება 2-3 დღის განმავლობაში.
მწვავე ავადმყოფობა და გამონაყარი
გამონაყარი პატარა წითელი ლაქებისგან შედგება, ზოგიერთი მუწუკი შეიძლება იყოს ოდნავ ამობურცული.
გამონაყარი თავიდან ჩნდება სახეზე, ხოლო მომდევნო დღეებში ლაქები ვრცელდება მკლავების, თეძოებისა და ფეხების არეში. ამავდროულად სიცხის მაჩვენებელი მკვეთრად იზრდება (40-41 C).
გამონაყარი თანდათან ლაგდება. პირველ რიგში გამონაყარი ქრება სახიდან და შემდეგ სხეულის სხვადასხვა არედან.
ინფექციის გადადების (გადაცემის) პერიოდი
წითელათი ინფიცირებული ვირუსს ავრცელებს 8 დღის განმავლობაში - გამონაყარის გამოვლენამდე 4 დღით ადრე და გამონაყრის გაჩენიდან 4 დღის შემდეგ.
გამომწვევი მიზეზი
წითელა ძლიერ გადამდები დაავადებაა.
ვირუსი მრავლდება ინფიცირებული პირის ცხვირსა და ყელში. როცა წითელას მქონე პაციენტი ახველებს, აცემინებს ან საუბრობს, ინფიცირებული წვეთები ჰაერში ვრცელდება. თუ რომელიმე ადამიანი ამ წვეთებს ჩაისუნთქავს, შესაძლოა დაინფიცირდეს.
აღსანიშნავია, რომ ინფიცირებული წვეთები ეცემა სხვადასხვა საგნის ზედაპირზეც, სადაც დიდხანს რჩება აქტიური - ზედაპირზე დარჩენილი წვეთი გადამდებია რამდენიმე საათის განმავლობაში.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/measles/symptoms-causes/syc-20374857