რა როლს ასრულებს ლიმფური კვანძი ორგანიზმში?
ჩვეულებრივ, ლიმფური კვანძები სივდება, შუპდება ბაქტერიის ან ვირუსის გამო გამოწვეული ინფექციით. ძალიან იშვიათად, რომ შესიებული ლიმფური კვანძები კიბოს ნიშანი იყოს.
რა ფუნქცია აქვს ლიმფურ კვანძს?
ლიმფური სისტემა წარმოადგენს ორგანოების, სისხლძარღვებისა და ლიმფური კვანძების ქსელს.
ლიმფური კვანძი, ასევე ცნობილი ლიმფური ჯირკვლების სახელწოდებით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში. სწორედ ლიმფური კვანძების მეშვეობით ებრძვის ორგანიზმი ინფექციებს. ლიმფური ჯირკვალი ფუნქციონირებს როგორც ერთგვარი ფილტრი - ვიდრე სხეულის სხვადასხვა არეს დააინფიცირებს, ლიმფური კვანძი დროულად ფილტრავს ვირუსებს, ბაქტერიებს და სხვადასხვა დაავადების გამომწვევს.
როგორც წესი, ლიმფური კვანძის გადიდება შეიგრძნობა კისრის, იღლიის, ნიკაპის, საზარდულის არეში.
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში შეშუპებული ლიმფური კვანძების სამკურნალოდ სრულებით საკმარისია თბილი სახვევი, საფენი.
თუმცა თუ შესიება გამოწვეულია ინფექციით, ექიმის გარეშე მკურნალობას ვერ შეძლებთ; მსგავს კლინიკურ შემთხვევებში მკურნალობის კურსი დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე.
სიმპტომები
როცა ლიმფური კვანძი შუპდება, სივდება, დიდდება, ეს იმის მანიშნებელია, რომ ორგანიზმში რაღაც სათანადოდ არ ფუნქციონირებს.
თავდაპირველად პაციენტი ამჩნევს მგრძნობელობასა და ტკივილს ლიმფურ კვანძში. შეშუპებისას ლიმფური კვანძი შესაძლოა იყოს ლობიოს ან ბარდას მარცვლის, ან გაცილებით დიდი ზომის.
გამომწვევი მიზეზიდან გამომდინარე ლიმფური კვანძების გადიდებას შესაძლოა თან ახლდეს შემდეგი სიმპტომები:
- სურდო, ყელის ტკივილი, სიცხე და ზედა სასუნთქი სისტემის ინფექციისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნები;
- ლიმფური კვანძების შეშუპება მთლიან სხეულში;
- მაგარი, უძრავი (მყარი, ფიქსირებული), სწრაფად მზარდი კვანძი შესაძლოა კიბოს ნიშანი იყოს;
- სიცხე;
- ღამის ოფლიანობა.
როდის მივმართოთ ექიმს?
გაითვალისწინეთ, რომ უმნიშვნელო, მსუბუქი ინფექციის მკურნალობის შემდეგ ლიმფური კვანძები ნორმალურ ზომას უბრუნდება.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ ლიმფური კვანძები შეშუპებულია:
- უმიზეზოდ;
- განაგრძობს ზომაში ზრდას ან არ უბრუნდება ჩვეულ ფორმას 2-4 კვირის განმავლობაში;
- თან ახლავს სიცხე, ღამის ოფლიანობა ან უმიზეზოდ წონის კლება;
- გამაგრებულია ან არ მოძრაობს ზეწოლისას.
გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ გიჭირთ ყლაპვა ან სუნთქვა.
გამომწვევი მიზეზი
ლიმფური კვანძების შეშუპების ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია ინფექცია და ძირითადად, ვირუსული ინფექცია (მაგალითად, გაციება და გრიპი). თუმცა შესაძლოა განვითარდეს ინფექციის, იმუნური სისტემის დარღვევის და სხვა მიზეზის გამო.
გავრცელებული ინფექციები:
- სტრეპტოკოკული ფარინგიტი;
- წითელა;
- ყურის ინფექცია;
- კბილის ინფექცია (აბსცესი);
- მონონუკლეოზი;
- ცელულიტი;
- ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსი.
იშვიათი ინფექციები:
- ტუბერკულოზი;
- სქესობრივი გზით გადამდები ზოგიერთი ინფექცია, მაგალითად, სიფილისი;
- ტოქსოპლაზმოზი;
- კატის ნაკაწრის (ნაფხაჭნი) დაავადება.
იმუნური სისტემის დარღვევა:
- მჭამელა (მგლურა);
- რევმატოიდული ართრიტი.
კიბო:
- ლიმფომა;
- ლეიკემია;
- სხვა ტიპის კიბო, რომელიც გავრცელდა (მეტასტაზირდა) ლიმფურ კვანძებში.
იშვიათ კლინიკურ შემთხვევაში გამომწვევი მიზეზია ზოგიერთი მედიკამენტი (ერთგვარი გვერდითი ეფექტი).
გართულებული შემთხვევა
თუ ლიმფური კვანძების გადიდების გამომწვევ მიზეზს არ უმკურნალებთ, აბსცესი ჩამოყალიბდება. სწორედ ამიტომ ნებისმიერი შესაძლო გართულების პრევენციის მიზნით, რეკომენდებულია დროულად მიმართოთ ექიმს.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/swollen-lymph-nodes/symptoms-causes/syc-20353902