რა სიმპტომებით ვლინდება პირის წვის სინდრომი?

რა სიმპტომებით ვლინდება პირის წვის სინდრომი?

რა არის პირის წვის სინდრომი?

პირის წვის სინდრომი სამედიცინო მდგომარეობაა, რომლის დროსაც პაციენტი უჩივის ქრონიკულ ან პერიოდულ წვის შეგრძნებას პირის ღრუში.

როგორც წესი, ადამიანი წვის შეგრძნებას ვერაფერს უკავშირებს, ანუ გამომწვევი მიზეზი უცნობია.

წვით გამოწვეულმა დისკომფორტმა შესაძლოა მოიცვას ენა, ღრძილი, ტუჩი, ლოყის შიდა ზედაპირი, მთლიანი პირის ღრუ. წვის შეგრძნება შესაძლებელია იყოს ძლიერი, მწვავე.

ჩვეულებრივ, პირის წვის სინდრომი ვითარდება მოულოდნელად და სიმპტომურად ვლინდება დროთა განმავლობაში.

სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში დისკომფორტის ზუსტი გამომწვევი მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება, შესაბამისად, მკურნალობის კურსი სიმპტომურია და ძირითადად, დისკომფორტის შემსუბუქებას ემსახურება.

სიმპტომები

პირის წვის სინდრომის დროს შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები:

  • წვის ან სიმხურვალის შეგრძნება, რომელიც ფიქსირდება ენაზე, მაგრამ დისკომფორტმა შესაძლოა მოიცვას როგორც ტუჩები, ისე ღრძილები, სასა, ყელი და მთლიანი პირის ღრუ;
  • პირის სიმშრალე, რომელსაც თან ახლავს გაძლიერებული წყურვილის გრძნობა;
  • გემოს ცვლილება;
  • გემოს დაკარგვა;
  • ჩხვლეტა, დაბუჟება პირის ღრუში.

პირის წვის სინდრომით გამოწვეულ დისკომფორტს რამდენიმე ფორმა აქვს, მაგალითად:

  • ვლინდება ყოველდღიურად - გაღვიძებისას პაციენტი უჩივის მსუბუქ დისკომფორტს და უსიამოვნო შეგრძნება დღის განმავლობაში მწვავდება, პროგრესირდება;
  • ჩნდება გაღვიძებისთანავე და მთელი დღე გაწუხებთ;
  • ხან ვლინდება და ხანაც ქრება.

პირის წვის სინდრომის რომელ ფორმასთანაც არ უნდა გვქონდეს საქმე, პირის ღრუს აღნიშნულმა დისკომფორტმა შესაძლოა რამდენიმე თვიდან წლამდე გასტანოს.

ძალიან იშვიათ კლინიკურ შემთხვევაში სიმპტომები თავისით ქრება ან იშვიათად ჩნდება.

ზოგიერთ შემთხვევაში შეგრძნება შესაძლოა დროებით შესუსტდეს კვების ან სასმელის მიღების დროს.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად წვის შეგრძნებისა და პირის ღრუში დისკომფორტისა, ვიზუალურად ენა ან პირის ღრუ ფორმას თუ ფერს არ იცვლის.

გამომწვევი მიზეზი

პირის წვის სინდრომის გამომწვევი მიზეზი შეგვიძლია დავყოთ როგორც პირველადად, ისე მეორეულად.

პირველადი პირის წვის სინდრომი

როდესაც არ ვლინდება კლინიკური ან ლაბორატორიული კვლევით დადასტურებული პათოლოგია, მედიკოსები აცხადებენ, რომ სახეზეა პირველადი ან იდიოპათიური პირის წვის სინდრომი.

ზოგიერთი მკვლევარის აზრით, პირველადი პირის წვის სინდრომი დაკავშირებულია პერიფერიული ან ცენტრალური ნერვული სისტემის გემოსა და მგრძნობელობითი ნერვის პრობლემებთან.

მეორეული პირის წვის სინდრომი

მეორეული ეწოდება პათოლოგიას, რომელიც გამოწვეულია ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემით. მაგალითად, ეს მდგომარეობებია:

  • პირის სიმშრალე;
  • სოკოვანი ინფექცია პირის ღრუში ან გეოგრაფიული ენა;
  • კვებითი ალერგია;
  • გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება;
  • ზოგიერთი მედიკამენტი (წამლის გვერდითი რეაქცია);
  • ენის კვნეტა, კბილების კრაჭუნი (ბრუქსიზმი);
  • ენდოკრინული დარღვევები;
  • პირის ღრუს ზედმეტი გაღიზიანება;
  • ფსიქოლოგიური ფაქტორი (შფოთვა, დეპრესია, სტრესი).

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/burning-mouth-syndrome/symptoms-causes/syc-20350911