ფუტკრის ნაკბენი - როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ფუტკარმა გვიკბინა?

ფუტკრის ნაკბენი - როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ფუტკარმა გვიკბინა?

ფუტკრის ნაკბენის შემთხვევები საკმაოდ ხშირია.

უმეტესად კბენის შემდეგ რჩება დისკომფორტი და ტკივილი, რომელიც სახლში მკურნალობის შედეგად ქრება, თუმცა ალერგიული ადამიანების ორგანიზმში ერთი შეხედვით უწყინარი ნაკბენი მწვავე ალერგიულ რეაქციას იწვევს და აუცილებელი ხდება სასწრაფო დახმარების გამოძახება.

სიმპტომები

მსუბუქი რეაქცია - ძირითადად, ფუტკრის ნაკბენის სიმპტომები მსუბუქი ფორმისაა და ეს ნიშნებია:

  • წამიერი, უეცარი, ბასრი ტკივილი წვის შეგრძნებით;
  • ნაკბენი არე შეწითლებული და ამობურცულია;
  • მცირე შეშუპება ნაკბენის გარშემო.

მსგავს კლინიკურ შემთხვევებში შესიება და ტკივილი კბენიდან რამდენიმე საათში ქრება.

საშუალო რეაქცია - ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმში ფუტკრის ნაკბენი შედარებით ძლიერ რეაქციას იწვევს და ეს სიმპტომებია:

  • ძლიერი სიწითლე;
  • შესიება ნაკბენის არეში, რომელიც მომდევნო დღეებში უფრო მწვავდება.

საშუალო სიმძიმის რეაქცია 5-დან 10 დღის ვადაში გაივლის.

მწვავე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია) პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა და სასწრაფო გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს.

ანაფილაქსიის ნიშნები და სიმპტომებია:

  • კანის ფერის ცვლილება ან შეწითლება, გამონაყარი, ქავილი;
  • სუნთქვის გაძნელება;
  • ენის და ხახის შეშუპება;
  • სუსტი, სწრაფი პულსი;
  • გულისრევა, ღებინება ან დიარეა;
  • თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა.

ფუტკრის შხამი შეიცავს ცილებს, რომელიც გავლენას ახდენს კანის უჯრედებსა და იმუნურ სისტემაზე, შესაბამისად, იწვევს ტკივილსა და შესიებას ნაკბენი არის გარშემო.

ალერგიულ ადამიანებში ნაკბენის გამო უფრო მძიმე სისტემური რეაქცია ვითარდება.

მკურნალობა სახლის პირობებში

ალერგიული რეაქციის შემთხვევაში თვითმკურნალობა დაუშვებელია, გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება, პაციენტი აუცილებლად უნდა მოთავსდეს კლინიკაში!

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სტატიაში წარმოდგენილი ეს მეთოდები რეკომენდებულია მხოლოდ იმ კლინიკური შემთხვევებისთვის, როცა ნაკბენი იწვევს მსუბუქ რეაქციას.

რეკომენდებულია:

  • სასწრაფოდ და მაქსიმალურად ფრთხილად მოიცილეთ ნესტარი კანის ზედაპირიდან;
  • ნაკბენი არე ჩამოიბანეთ წყლითა და საპნით;
  • დაიდეთ ცივი საფენი.

საშუალო სიმძიმის რეაქციის შემთხვევაშიც პირველადი დახმარება ზუსტად ისეთივეა როგორც მსუბუქ ფორმაში (ნესტრის მოცილება, წყლითა და საპნით დაბანა, ცივი საფენის დადება).

ამ ფორმის დროს შეგიძლიათ მიიღოთ ტკივილგამაყუჩებელი და სიწითლისა თუ შეშუპების ალაგების მიზნით წაისვათ ლოსიონი, კრემი.

თუ ნაკბენი ფეხზე ან მკლავზე გაქვთ, მაღლა ასწიეთ.

ქავილის შეგრძნების მიუხედავად შეეცადეთ არ მოიფხანოთ ნაკბენი არე.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/bee-stings/symptoms-causes/syc-20353869