კბილების კრაჭუნი - რა არის ბრუქსიზმი?

კბილების კრაჭუნი - რა არის ბრუქსიზმი?

რა უნდა იცოდეთ ბრუქსიზმის შესახებ?

ბრუქსიზმი ეწოდება მდგომარეობას, რომლის დროსაც ადამიანი კბილებს ერთმანეთზე ძლიერად აბჯენს. საზოგადოებაში ამ ჩივილს ხშირად აღწერენ როგორც კბილების კრაჭუნის, კბილების ღრჭიალის სახელით.

კბილების კრაჭუნი სრულიად უნებლიე სიმპტომია და განსაკუთრებით ხშირია ძილში.

როგორც წესი, კბილის კბილზე ძლიერი მიბჯენით გამოწვეული ხმა ესმის ოთახში მყოფ ადამიანს.

ძილის ბრუქსიზმი

მეცნიერთა აზრით, ძილის ბრუქსიზმი ძილთან დაკავშირებული მოძრაობის დარღვევაა.

მედიკოსები თანხმდებიან, რომ თუ კბილების კრაჭუნს ადგილი აქვს ღამით, ადამიანს აუცილებლად ექნება ძილთან დაკავშირებული სხვა თანმხლევი დარღვევაც (დაავადება), მაგალითად, ხვრინვა ან ძილის აპნოე და სხვა.

მსუბუქი ბრუქსიზმი

თუ ბრუქსიზმი მსუბუქი ფორმითაა გამოხატული, სპეციფიკურ მკურნალობას არ საჭიროებს. თუმცა ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში დარღვევა იმდენად მწვავეა, პაციენტი დგას თავის ტკივილის, კბილის დაზიანების, ყბის არეში მიღებული ტრავმისა და სხვა პრობლემების რისკის წინაშე.

სიმპტომები

ბრუქსიზმის სიმპტომებია:

  • კბილების კრაჭუნი, კბილებს ერთმანეთზე იმდენად ძლიერად აბჯენთ, რომ ხმაურის გამო ოთახში მყოფ სხვა ადამიანს აღვიძებთ;
  • გაბრტყელებული, მოტეხილი, მორყეული კბილები;
  • გაცვეთილი ემალი;
  • კბილის ტკივილი ან მომატებული მგრძნობელობა;
  • ყბის ტკივილი ან ყბის კუნთების დაჭიმულობა;
  • ტკივილი კისრის, სახის ან ყბის არეში;
  • შეგრძნება თითქოს ყური გტკიოდეთ;
  • ყრუ თავის ტკივილი, რომელიც შუბლიდან იწყება;
  • ღეჭვის გამო ლოყის შიდა ზედაპირზე გაჩენილი დაზიანება;
  • ძილის დარღვევა.

გამომწვევი მიზეზები

ბრუქსიზმის ზუსტი გამომწვევი მიზეზები ექიმებისთვის უცნობია, თუმცა კბილების კრაჭუნის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური და გენეტიკური ფაქტორები.

რისკ-ფაქტორებს განეკუთვნება:

  • სტრესი და შფოთვა;
  • ასაკი (ძალიან ხშირია ბავშვებში);
  • ისეთი პიროვნული თვისებები როგორიცაა აგრესიულობა, ჰიპერაქტიულობა, სხვასთან შეჯიბრის სურვილი;
  • შესაძლოა იყოს ფსიქოტროპული მედიკამენტის, თამბაქოს, ალკოჰოლის, კოფეინის შემცველი სასმელის გვერდითი ეფექტი;
  • ძილის ბრუქსიზმის ოჯახური ანამნეზი;
  • პარკინსონის დაავადება;
  • დემენცია;
  • გასტროეზოფაგური რეფლუქსი;
  • ეპილეფსია;
  • ღამის შიშები;
  • ძილის აპნოე;
  • ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიულობის სინდრომი.

მკურნალობა

როგორც წესი, კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ბრუქსიზმი მკურნალობას არ საჭიროებს.

ბევრი პატარა ბრუქსიზმისგან მკურნალობის გარეშე იკურნება.

უმეტესად ბრუქსიზმისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს სტომატოლოგი ამჩნევს რეგულარული სტომატოლოგიური გამოკვლევის დროს და კონკრეტული კლინიკური შემთხვევიდან გამომდინარე ნიშნავს მკურნალობის კურსს (საჭიროების შემთხვევაში).

მთავარია გამომწვევი მიზეზის დადგენა და სტატიაში წარმოდგენილი რისკ-ფაქტორების მინიმუმამდე შემცირება, მაგალითად, თუ კბილების კრაჭუნი ძილთან დაკავშირებული პრობლემითაა გამოწვეული, სტომატოლოგი პაციენტს ამისამართებს შესაბამის სპეციალისტთან ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად, თუ ბრუქსიზმი რომელიმე მედიკამენტის გვერდითი ეფექტია მკურნალი ექიმი სხვა წამლით ჩაანაცვლებს, შესაძლოა საჭირო გახდეს ძალიან მცირე დროით ძილის წინ კუნთის მოსადუნებელი საშუალების მიღება და სხვა.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/bruxism/symptoms-causes/syc-20356095