რა უნდა იცოდეთ მორფოლოგიური კვლევის შესახებ?
მეცნიერთა აზრით, სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტირების პროცესში მორფოლოგიური კვლევა წარმოადგენს ოქროს სტანდარტს.
მორფოლოგიური კვლევის დროს ქსოვილისა და უჯრედის გამოკვლევა მიმდინარეობს მიკროსკოპის კონტროლით.
მორფოლოგიური კვლევით მკურნალი ექიმი იღებს უტყუარ, ზუსტ დიაგნოზს - მორფოლოგიური კვლევის ტიპებია ციტოლოგიური და ჰისტოლოგიური მეთოდები.
მორფოლოგიური გამოკვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნური პროცესების დროს.
თუმცა მორფოლოგიური ტესტირება მხოლოდ სიმსივნური დაავადების სადიაგნოსტიკოდ როდი ინიშნება, მაგალითად, ჩვეულებრივი თიაქრის პარკის გამოკვლევის დროს სავსებით მოსალოდნელია სწორედ მორფოლოგიური კვლევის საფუძველზე ქირურგმა აღმოაჩინოს ბადექონის მეტასტაზური დაზიანება, ქოლეცისტიტისა და აპენდიციტის კვლევის დროს გამოვლინდეს აპენდიქსისა და ნაღვლის ბუშტის სიმსივნე ან მწვავე აპენდიციტის დროს სახეზე იყოს არა ჩირქოვანი, არამედ ტუბერკულოზური ანთება და სხვა.
რა დანიშნულება აქვს მორფოლოგიურ კვლევას?
მორფოლოგიური კვლევა ძალიან მნიშვნელოვანი ტესტია, რომლის მთავარ დანიშნულებასაც დიაგნოზის საბოლოო ვერიფიცირება წარმოადგენს.
მორფოლოგი მორფოლოგიური კვლევის მიზნით, ლაბორატორიაში შეისწავლის ბიოფსიურ და ოპერაციულ მასალას ქსოვილოვან, უჯრედულ, მოლეკულურ დონეზე.
მორფოლოგიური კვლევის გარეშე შეუძლებელია მკურნალობის კურსის განსაზღვრა, პროგნოზი.
მორფოლოგიური კვლევის მონაცემის კლინიკურ დასკვნასთან შეჯერებით დგინდება დიაგნოზი, ხორციელდება პათოლოგიის მართვა, დაავადების ეფექტური მკურნალობა.
რა არის ინტრაოპერაციული მორფოლოგიური კვლევა?
ინტრაოპერაციულ კვლევას ექსპრეს, სასწრაფო დიაგნოსტირებასაც უწოდებენ.
ინტრაოპერაციული მორფოლოგიური კვლევა გულისხმობს მდგომარეობას, როდესაც უშუალოდ ოპერაციის პროცესში, ქირურგიული ჩარევის დროს, დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, დგება ამოკვეთილი ქსოვილის გამოკვლევის აუცილებლობა.
ექსპრეს მორფოლოგიური კვლევა საჭიროა მაშინ, როდესაც კლინიკურად დიაგნოზი გაურკვეველია - ამ ტიპის გამოკვლევისთვის განკუთვნილია მაქსიმუმ 30 წუთი.
ინტრაოპერაციული მორფოლოგიური კვლევის პასუხის შესაბამისად ქირურგს საშუალება ეძლევა განსაზღვროს ოპერაციული მკურნალობის ტაქტიკა და მასშტაბი - ქირურგთა გუნდი სწორედ ექსპრეს დიაგნოსტირების შედეგის საფუძველზე წყვეტს ორგანოს შენარჩუნების, ანუ ე.წ. დამზოგველი ოპერაციის (რიგ შემთხვევაში პროცესი კეთილთვისებიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანოს ამოკვეთის საჭიროება არ დგება და იკვეთება მხოლოდ სიმსივნური წარმონაქმნი) ჩატარების საკითხს.
აღსანიშნავია, რომ ინტრაოპერაციული დიაგნოსტირება შესაძლოა ჩატარდეს ნებისმიერი ორგანოდან და ექსპრეს კვლევის შემდეგ მიმდინარეობს ოპერაციული მასალის გეგმიური გამოკვლევა.
უჯრედის მორფოლოგიური კვლევა
ლეიკემიის დიაგნოზის დადასტურების მიზნით, საჭიროა ლაბორატორიული კვლევა, რომლის მეშვეობითაც მორფოლოგი შეისწავლის ძვლის ტვინის უჯრედის ზომას, მოცულობასა და ფორმას.
ამ პროცესს ეწოდება უჯრედის მორფოლოგიური კვლევა და ამ გზით ლეიკემიის ტიპის შეფასება ხდება.
P.S. მორფოლოგიური მასალის გამოკვლევა უკვე შესაძლებელია Acibadem Labmed-ში ოფიციალური პარტნიორის აი-ლაბ I-Lab-ის მეშვეობით. იხილეთ ვრცლად