რა არის ციტოლოგიური კვლევა?
ციტოლოგია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის უჯრედს.
ციტოლოგიური კვლევის დროს ციტოლოგი ეცნობა ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიურ პროცესს უჯრედულ დონეზე.
აღსანიშნავია, რომ დღეს უკვე შესაძლებელია ციტოლოგიური გამოკვლევების ინტეგრირებული გამოყენება მოლეკულურ ბიოლოგიასა და იმუნომორფოლოგიურ კვლევებთან ერთად, რაც საგრძნობლად ამცირებს დაუზუსტებელი დიაგნოზის რიცხვს.
რა მიზნით ინიშნება ციტოლოგიური კვლევა?
ციტოლოგიური კვლევით შესაძლებელია დაავადების წინასწარი დიაგნოსტირება უჯრედულ დონეზე.
კვლევის ამ მეთოდის მეშვეობით დგინდება სიმსივნის ბუნება, ანუ მიკროსკოპის კონტროლით შესაძლებელია კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი პროცესების დიფერენცირება, რაც დაავადების ადრეულ სტადიაში განკურნების შანსს მნიშვნელოვნად ზრდის.
ციტოლოგიური კვლევის პასუხის შესაბამისად ექიმი გეგმავს მკურნალობის კურსს.
ამასთან, ციტოლოგიური ანალიზით ქირურგი საზღვრავს თუ რა მასშტაბის ოპერაცია ჩაატაროს, მაგალითად, რადიკალური თუ ორგანოს დამზოგველი.
აღსანიშნავია, რომ ციტოლოგიური კვლევა სიმსივნურ წარმონაქმნზე დინამიკაში დაკვირვების საშუალებას გვაძლევს.
როგორ ტარდება ციტოლოგიური კვლევა?
ციტოლოგიური კვლევა არის სრულიად უსაფრთხო, სწრაფი, უმტკივნეულო, ნაკლებად ტრავმული მეთოდი. იგი ჩართულია თითქმის ყველა ორგანოსა და ქსოვილის დიაგნოსტირების პროცესში.
ციტოლოგიური კვლევა წარმოადგენს შეუცვლელ დიაგნოსტიკურ პროცედურას, რომელიც გათვლილია პათოლოგიის ადრეული გამოვლენის, დიაგნოსტირებისთვის.
თანამედროვე მედიცინაში ციტოლოგიური კვლევის გარეშე შეუძლებელია ორგანოების თუ სისტემების ანთებითი კერების (ანთებითი პროცესი) აღმოჩენა, კიბოსწინარე მდგომარეობის დიაგნოსტირება, კეთილთვისებიანი თუ ავთვისებიანი სიმსივნეების კონტროლი, დაკვირვება, მონიტორინგი.
ქსოვილის ბიოფსიასთან შედარებით ციტოლოგიური ნიმუშის კვლევას აქვს შემდეგი უპირატესობები:
- პროცესი შედარებით ადვილია;
- პაციენტი გრძნობს ნაკლებ დისკომფორტს;
- თითქმის არ ახასიათებს სერიოზული გართულებები;
- ნაკლებია ფინანსური დანახარჯი.
ციტოლოგიური კვლევა შესაძლოა დაინიშნოს როგორც დიაგნოსტირების, ისე სკრინინგის მიზნით.
როგორც დიაგნოსტირების მეთოდი
დიაგნოსტიკური კვლევის მიზნით, ციტოლოგიური გამოკვლევა რეკომენდებულია მხოლოდ იმ კლინიკურ შემთხვევებში, როდესაც პაციენტს გამოხატული აქვს რომელიმე დაავადებისთვის (მაგალითად, კიბო) დამახასიათებელი სიმპტომები.
დიაგნოსტიკური კვლევის საფუძველზე შესაძლებელი ხდება იმის დადგენა ნამდვილად არსებობს თუ არა დაავადება ორგანიზმში.
როგორც სკრინინგული კვლევა
სკრინინგული კვლევა გულისხმობს პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლას და მაშინაც კი თუ დაავადება ჯერ სიმპტომურად არ ვლინდება.
სკრინინგი რეკომენდებულია სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკ-ჯგუფში მყოფი პირებისთვის.
სიმსივნური უჯრედების აღმოჩენის მიზნით, ციტოლოგიური კვლევისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს ორგანიზმის სხვადასხვა უბნიდან სითხის აღება, კერძოდ, საკვლევი ნიმუში შესაძლებელია იყოს:
- შარდი;
- ნერწყვი, ნახველი;
- ცერებროსპინალური სითხე;
- პლევრის ღრუს სითხე;
- პერიკარდიული სითხე;
- ასციტური სითხე.
გარდა სითხის ნიმუშისა, ციტოლოგიური კვლევისთვის გამოიყენება ეროზირებული უბნიდან აღებული ანაფხეკი მასალა, ასევე ერთგვარი ანაბეჭდი სხვადასხვა წარმონაქმნიდან.
ციტოლოგმა შესაძლოა შეისწავლოს რომელიმე ორგანოდან ან ქსოვილიდან აფხეკილი ზოგიერთი უჯრედი.
პაპ-ტესტი
მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ციტოლოგიური კვლევა პაპ-ტესტის ანალიზია.
პაპ-ტესტი წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიათა ციტოლოგიური დიაგნოსტირების მეთოდს. პროცედურის დროს საშვილოსნოს ყელის ზედაპირიდან და საშვილოსნოს ყელის არხიდან სპეციფიკური ინსტრუმენტებით უჯრედებს იღებენ.
პაპ-ტესტის ანალიზი წარმოადგენს ხელმისაწვდომ, მარტივ და უმტკივნეულო მეთოდს, რომლის მეშვეობითაც საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე მდგომარეობის ან კიბოს ადრეულ სტადიაში აღმოჩენაა შესაძლებელი, რაც ონკო-გინეკოლოგს საშუალებას აძლევს დროულად დანიშნოს მკურნალობა და დაავადების პროგრესირება შეაფერხოს.
პაპ-ტესტის ანალიზით საგრძნობლად შემცირდა ქალთა ონკო-გინეკოლოგიური ავადობა და სიკვდილიანობა განვითარებულ ქვეყნებში.
ციტოლოგიური ტესტირებისთვის საკვლევი ნიმუშის აფხეკა ასევე შესაძლებელია სხეულის შემდეგი არედან:
- საყლაპავი მილი;
- კუჭი;
- ბრონქები;
- პირის ღრუ.
P.S. ციტოლოგიური მასალის გამოკვლევა უკვე შესაძლებელია Acibadem Labmed-ში ოფიციალური პარტნიორის აი-ლაბ I-Lab-ის მეშვეობით. იხილეთ ვრცლად ...